საქართველოში პურის მოხმარება 30%-ით გაიზარდა - „მატება კიდევ იქნება“

პანდემიის დროს, როცა მოსახლეობას მეტად გაუჭირდა, საკვები პროდუქტების დიდი წილი პურმა ჩაანაცვლა.

შესაბამისად, პროდუქტის მოხმარება 30%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ განუცხადა.

მალხაზ დოლიძის თქმით, პანდემიის პირველ ეტაპზე მოთხოვნა 15-20%-ით გაიზარდა, დღემდე კი მატებამ 30% შეადგინა.

,,პანდემიის პირველ ეტაპზე პურის მოხმარება 15-20%-ით გაიზარდა. ვგულისხმობ, მარტს, აპირილსა და მაისს, ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე 30%-ით. ეს არ მომხდარა მარტო ჩვენთან. ყველა ქვეყანაში, სადაც ძირითადი საკვები პროდუქტი პურია და ხალხს გაუჭირდა, ბუნებრივია, რომ პურზე გაიზარდა მოთხოვნა და მოხმარებაც. გარდა ამისა, არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, საქართველოში პურს ახასიათებს სეზონურობა. მარხვის დროს მისი მოხმარება მკვეთრად მატულობს, ამიტომაც უფრო მეტად ზრდას ველოდებით შემდეგი თვე ნახევარი. ასე რომ, მატება კიდევ იქნება“, - განაცხადა დოლიძემ.

იმისათვის, რომ ამ საარსებოდ მნიშვნელოვან პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს, დოლიძე თვლის, რომ აუცილებელია მთავრობამ ფქვილის ფასი დაასუბსდიროს და არა პურის ან ხორბლის.

„ბაზარზე ფქვილის ფასი გაზრდილია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს ჩვენთან მოუწესრიგებელია პურის ვაჭრობა და ეს მნიშვნელოვანი მომენტია ფასში. რომელ მაღაზიასაც და ქსელსაც რამდენი უნდა იმდენს ამატებს. ამას ემატება ისიც, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი მომატებულია, თუმცა უკვე გვქონდა არაერთი შეხვედრა მთავრობასთან და ვიცით, რომ დამუშავებულია რამდენიმე მექანიზმი, რითიც მოხდება ფასის დაზღვევა, რათა მასიური მოხმარების პური არ გაძვირდეს. მე ფქვილის სუბსიდირებას ვემხრობი, ვიდრე თავად პურის ან ხორბლის“, -უთხრა დოლიძემ ,,ბიზნესპრენსიუსს“.

ცნობისთვის, რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. 1 ტონა ხორბალი 250-253 დოლარია.

თამარ მუკბანიანი