ნათია თურნავა - სესხის სუბსიდირების პროგრამით სარგებლობას 1 500-მდე რესტორანი შეძლებს, ბიუჯეტი 30 მლნ ლარია

მთავრობა რესტორნებს სესხის და ლიზინგის პროცენტს დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავამ რესტორნებს მოუწოდა, იაქტიურონ და თავიანთ კრედიტორ ბანკებს მიაკითხონ. მისივე განმარტებით, განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება.

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ და დავამტკიცეთ რამდენიმე ცვლილება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის კომპონენტში. პირველ რიგში ეს ცვლილება და სიახლე მოიცავს რესტორნების ინდუსტრიას. რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას - სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებას. განაცხადების მიღება დაიწყება ხვალ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სარესტორნო ინდუსტრია პანდემიიდან გამომდინარე არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გვინდა შევუმსუბუქოთ საბანკო სესხების ტვირთი. ხვალიდან დავიწყებთ სააგენტო „აწარმო საქართველოში“ ბანკებიდან განაცხადების მიღებას, მოვუწოდებთ რესტორნებს, რომ აქტიურად მიაკითხონ თავის კრედიტორ ბანკებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამით საბანკო სესხის ტვირთს უახლოეს 6 თვეში პრაქტიკულად ვერ იგრძნობენ. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს ის მოთხოვნა იყო, რასაც აქტიურად აყენებდა ჩვენთან რესტორნების ასოციაცია. საბოლოო ჯამში, ეს მათთვის მნიშვნელოვანი დახმარება იქნება. შეგახსენებთ, რომ მთავრობა სხვა მიმართულებითაც ეხმარება რესტორნებს, ისევე, როგორც მთლიანად ტურისტულ სექტორს. ეს არის უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები, რომელიც ამ დარგისთვის კეთდება“, - განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, სულ მცირე 1500-მდე რესტორანი შეძლებს ამ დახმარებით სარგებლობას.

„ეს არის საკმაოდ მასშტაბური, მოცულობითი კომპონენტი. 400 მილიონი ლარის სასესხო პორტფელია. მომსახურებაში ჩვენ ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ რესტორნებს. დაახლოებით, ვვარაუდობთ, რომ 6 თვის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ბიუჯეტი იქნება ამისთვის საჭირო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველამ უნდა იცოდეს რა მოცულობის დახმარებას უწევს სახელმწიფო კონკრეტულად სარესტორნე ინდუსტრიას. სულ მცირე, 1500-მდე ორგანიზაცია, რესტორანი შეძლებს, რომ ისარგებლოს ამ დახმარებით“, - განაცხადა თურნავამ.