2020 წელს საწვავის იმპორტი გაიზარდა

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისა, საქართველოში მიმდინარე წელს საწვავის იმპორტი გაიზარდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებიდან ირკვევა, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1004,8 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან და მან 308,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 30.7%-ია.

მიმდინარე წელს საწვავის იმპორტის ზრდაში მთავარი წვლილი დიზელის იმპორტს მიუძღვის. დიზელის იმპორტის ზრდა კი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორისაა, საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე წელს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამა;

საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატება;

ქვეყანაში დიდი მოცულობით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება;

კომპანიების მიერ მთელი წლის განმავლობაში დაბალი საერთაშორისო ფასების პირობებში საწვავის მარაგების შექმნა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე