ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში გარკვეული პროდუქციის რეალიზაციის შეზღუდვის მიზეზი მობილობის შემცირებაა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში გარკვეული პროდუქციის რეალიზაციის შეზღუდვის მიზეზი მობილობის შემცირებაა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ ტანსაცმლის თუ მსხვილი ტექნიკის შეძენა მომხმარებლის დიდხანს დაყოვნებას იწვევს, მსგავსი შეზღუდვა ამოქმედდა, თუმცა სხვა მხრივ მიდგომები საკმაოდ ლოიალურია.

„ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად შუქდება შეზღუდვა, რომელიც სხვადასხვა სასურსათო თუ სუპერმარკეტებში გვხვდება. იცით რომ, მთავრობის დადგენილებით ნებადართულია მხოლოდ სურსათის, ცხოველის საკვების, საყოფაცხოვრებო ქიმიის, ჰიგიენის საშუალებების და აგროქიმიკატების რეალიზაცია. სხვა მიმართულებით არის შეზღუდვები. მიზანი ხომ ისაა, რომ მობილობის მაჩვენებელი შემცირდეს და დროის გარკვეულ პერიოდში გვქონდეს ინფიცირების მაჩვენებლის კლება. სწორედ ამიტომ, იქნება ეს ტანსაცმელი, თუ ტექნიკა, ავეჯი ან მსგავსი პროდუქტები შეზღუდულია, რაც აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი გახდა სოციალურ ქსელში. მესმის, რომ დისკომფორტის შემცველია ეს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ჩვენ ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს. ჩვენ გაცილებით მსუბუქი მიდგომები გვაქვს, მხოლოდ მსხვილი ტექნიკა, ტანსაცმელი, ავეჯია შეზღუდული, ისეთი პროდუქტებია შეზღუდული, რაც ადამიანის ქცევაში ხანგრძლივ დაყოვნებას გულისხმობს, თუ ტელევიზორს ან კომპიუტერს ვყიდულობთ ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა დაყოვნებას მოითხოვს, ასევეა ტანსაცმლის შერჩევაც. სხვა მხრივ საკმაოდ ლოიალური მიდგომები გვაქვს“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი შეზღუდვები ევროპის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს. ამასთან, ბექა ფერაძემ დისტანციურად ვაჭრობასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება.

„ასევე, დისტანციურ ვაჭრობასთან დაკავშირებით მსუბუქი მიდგომები გვაქვს. ესეც აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი გახდა. დისტანციურად ვაჭრობა ყველა მიმართულებით, ეს არ ეხება გარე მოვაჭრეებს, ყველა ობიექტისთვის შესაძლებელია, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლის დაშვება არ ხდება სარეალიზაციო სივრცეში“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.