რუსეთის ფედერაცია მზესუმზირის ექსპორტზე საბაჟო ტარიფს ზრდის. იქამდე კი სანამ ღირებულება მოიმატებს, იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ხელოვნური ბარიერებია შექმნილი და რამდენიმე კვირაა, პროდუქცია საქართველოში ვეღარ შემოდის.
საქართველოში მზესუმზირის იმპორტიორი ყველაზე ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებენ, რომ იანვრიდან პროდუქციის გაძვირება გარდაუვალია.
,,სოლარის“ წარმომადგენელი გიორგი სტეფნიაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ჯერ არ იციან, რამდენი პროცენტით გაზრდიან პროდუქციის ფასს.
,,იანვრიდან იმპორტზე გადასახადის ზრდა ყველასათვის პრობლემაა, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე სხვებისთვისაც. ჯერ არ ვიცით, რამდენი პროცენტით გაიზრდება ფასი, მაგრამ ფაქტია, რომ გაძვირდება.
შემოტანასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირაა ხელოვნურ ბარიერებს გვიქმნიან. ჯერ ვერ ვიტყვი დანამდვილებით, გამოიწვევს თუ არა ეს ყველაფერი დეფიციტს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როდიდან შევძლებთ იმპორტის განახლებას“, -აცხადებს ,,სოლარის“ წარმომადგენელი.
პროდუქტი რომ გაძვირდება, უკვე იციან ,,ატ მარტინაში“. თუმცა კომპანიის მენეჯერი ამბობს, რომ ჯერ არ იციან, რამდენად გაიზრდება ფასი.
,,შემოტანა გაჩერებულია, რადგან რუსეთი არ აძლევს ფიტო სერთიფიკატს. არ ვთვლით, რომ შეიძლება, ამან ბაზარზე დეფიციტი შექმნას, რადგან გვაქვს მარაგები.
ველოდებით, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნება იანვრიდან, თუმცა ვერ ავცდებით ფასის ზრდას. უკვე ცნობილია რამდენად გაიზრდება იმპორტის ღირებულება, თუმცა ჯერ არ გვაქვს დათვლილი რამდენად გაიზრდება ამის გამო ჩვენი პროდუქციის ღირებულება. ფასის მატება რომ მოხდება, ცალსახაა“, - აცხადებს კომპანიის მენეჯერი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაცია მზესუმზირის ექსპორტზე საბაჟო ტარიფს ზრდის. როგორც რუსული მედია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, საექსპორტო პროდუქტზე 30%-იანი გადასახადი იქნება. შესაბამის დადგენილებას რუსეთის სამთავრობო კომისიამ მხარი უკვე დაუჭირა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიღებული გადაწყვეტილება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.