ვინ ფლობს და რა შემოსავალი აქვს კომპანიას, რომელიც საქართველოში ოქროს მოიპოვებს

ქორწინების ოქროს ბეჭედი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტია წლიურ ჭრილში.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, წიწიბურას შემდეგ, ყველაზე მეტად - 41.3%-ით ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედზე არის ფასი გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში ოქროს ფასი მსოფლიო მასშტაბით ძვირდებოდა და აგვისტოში რეკორდულ ნიშნულზეც იყო. იმავე პერიოდში ძვირფას ლითონზე ფასი იზრდებოდა საქართველოშიც. თუმცა, უკვე ბოლო კვირების განმავლობაში ოქროს ფასი კლებულობდა და ნოემბრის ბოლოს, ყველაზე დიდი ვარდნაც აჩვენა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია საქართველოში ოქროს მომპოვებელი კომპანიის „არემჯი გოლდის“ ფინანსური მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ კომპანიას გასული წლის ანგარიშგება ჯერ არ აქვს გამოქვეყნებული, შესაბამისად, გთავაზობთ მონაცემებს მისი 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, კომპანიის შემოსავალმა 2018 წელს 209,953 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის, შემოსავალი ოქროს რეალიზაციიდან - 165,474 მლნ ლარი, სპილენძის მადნის რეალიზაციიდან - 35,823 მლნ, ხოლო ვერცხლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი - 1,060 მლნ ლარი იყო.

ამასთან, როგორც ანგარიშგებაშია მითითებული, რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულება საანგარიშო პერიოდში 157,942 მლნ ლარი იყო. კერძოდ, ოქროს სარეალიზაციო თვითღირებულება - 120,142 მლნ ლარს, სპილენძის მადნის და სხვა მასალების - 32,675 მლნ-ს, ხოლო ვერცხლის სარეალიზაციო ღირებულება - 482 ათას ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ „არემჯი გოლდი“ საქართველოში 1994 წელს დარეგისტრირდა. კომპანიას მიღებული აქვს მინერალური რესურსების, ძიების, მოპოვებისა და დამუშავების ლიცენზია საყდრისის საბადოზე, სამხრეთ საქართველოში ბოლნისისა და დმანისის რაიონების ტერიტორიაზე 2042 წლის იანვრამდე. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ნედლი ოქროსა და ვერცხლის, ასევე სპილენძისა და ოქროს შემცველი მადანის მოპოვებას და დამუშავებას. ნედლი ოქრო და ვერცხლი საზღვარგარეთ იყიდება, ხოლო სპილენძისა და ოქროს შემცველი მადანი სს RMG Copper -ზე იყიდება.

რეესტრის ბოლო ამონაწერით, შპს RMG Gold -ის 3.79%-იან წილს სააქციო საზოგადოება RMG Copper-ი; 96.21%-იან წილს კი - შპს „მაინინგ ინვესთმენთს“-ი ფლობს. RMG Copper-ის მფლობელები რეესტრში არ არის მითითებული, რადგან კომპანია სააქციო საზოგადოებად არის რეგისტრირებული; შპს „მაინინგ ინვესთმენთს“-ის 100%-იანი წილი კი კვიპროსზე რეგისტრირებულ „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდის“ ეკუთვნის.

თუმცა, როგორც „არემჯი გოლდის“ ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2018 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე ორი ფიზიკური პირი - დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი არიან, რომლებსაც აქვთ უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართონ კომპანიის ოპერაციები.

თაია არდოტელი