ახალი არომატული და ვიტამინიზირებული წყალი ბაზარზე - რა ღირს ქართული პროდუქტი

რამდენიმე კვირაა ბაზარზე ახალი პროდუქტი - არომატული წყალი გამოჩნდა. პროდუქტი „ზედაზენმა“ "ჩეროს" ქოლგის ქვეშ წარმოადგინა და ამ ეტაპზე ბაზარზე 4 სახეობის წყალი გამოიტანა.

როგორც კომპანია “ზედაზენის” გენერალური დირექტორი კახა კოტრიკაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ზამთრის სეზონი სასმელების ახალი პროდუქტის ბაზარზე გატანისთვის, არ არის კარგი პერიოდი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გამო რეკომენდირებულია ბევრი სითხის მიღება, რასაც არომატული წყალი უფრო აადვილებს და სასიამოვნოს ხდის, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ წყალი ბაზარზე უკვე გამოეტანა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესურად უფრო კარგი იქნებოდა ახალი პროდუქტის გამოშვება მარტისთვის გადაგვედო, პანდემიამ გადაწყვეტილება შეგვაცვლევინა. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის გამო რეკომენდირებულია ბევრი სითხის მიღება და არომატიზებული წყალი ამას უფრო აადვილებს და სასიამოვნოს ხდის. არომატული წყალი ძალიან პოპულარულია მსოფლიოში. ეს არის უნიკალური პროდუქტი. ჩვენი არომატული წყალი იწარმოება ასეპტიკურად, არის სრულიად ნატურალური. ამასთან, ვფიქრობ, ბაზარზე წარმოვადგინეთ საინტერესო გემოები. კერძოდ, მარწყვის, ვაშლის, ლიმონისა და გრეიფრუტის არომატით და თვე არ იქნება, რაც ამ პროდუქტის შეტანა დავიწყეთ მაღაზიებში.

გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში ასეთი ასეპტიკური ხაზი მარტო ჩვენ გვაქვს, მეზობელი ქვეყნებიდან უკვე ძალიან დიდი ინტერესია, მაგალითად, აზერბაიჯანია ძალიან დაინტერესებული და შუა აზიის ქვეყნები. ამიტომ უკვე მომავალი წლის მარტიდან ვფიქრობთ, რომ ექსპორტის განვითარებასაც დავიწყებთ,“-განაცხადა კოტრიკაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, კომპანია მუშაობს, რომ იანვრის ბოლოსთვის ბაზარზე კიდევ ერთი სიახლე - ვიტამინიზირებული წყალი გამოუშვას. კერძოდ, კოტრიკაძის განცხადებით, ეს იქნება არომატული წყალი ვიტამინებით. ამ ეტაპზე საუბარია С და D ვიტამინების შემცველობაზე. რაც შეეხება ფასს, როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, არომატული წყალის ღირებულება 1 ლარია.

თაია არდოტელი