,,განცხადებების 1/3 სავარაუდოდ, დახარვეზდება“ – რამდენ ობიექტს სურს ჩართვა რესტორნებისთვის სესხის სუბსიდირების პროგრამაში

რესტორნებს სესხის სუბსიდირებისთვის განაცხადების წარდგენის ვადა 14 დეკემბერს ამოეწურათ. „რესტორატორთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, სულ 1 774 განაცხადი დარეგისტრირდა.

შოთა ბურჯანაძის თქმით, ეს ძალიან მცირე რიცხვია, რადგან განაცხადების დაახლოებით, 1/3 სავარაუდოდ, დახარვეზდება.

,,პლატფორმა უკვე დაიხურა. სულ შესულია 1 774 განაცხადი. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ცოტა, რადგან მქონდა კომუნიკაცია ძალიან ბევრ ბენეფიციართან, ვინც შეავსო აღნიშნული დოკუმენტები და მათი გაგზავნილი განაცხადები არ ექვემდებარებოდა პროექტს. რამდენი ლარი იქნება ათვისებული ბიუჯეტის გამოყოფილი თანხიდან და რამდენი რესტორანი მიიღებს სესხის სუბსიდირებას, ეს გვეცოდინება რამდენიმე დღეში“-ამბობს შოთა ბურჯანაძე ,, ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მექანიზმზე განცხადებების მიღება 4-დან 14 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

თანადაფინანსების მექანიზმი მომდევნო 6 თვის განმავლობაში სარესტორნო ინდუსტრიისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირებას გულისხმობს. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, თანადაფინანსება არაუმეტეს 80%, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხევაში კი არაუმეტეს 70% იქნება. სარესტორნო ბიზნესისთვის პროცენტის სესხის სუბსიდირებაზე კი სახელმწიფოს გათვლებით 30 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

თამარ მუკბანიანი