აზერბაიჯანში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება

აზერბაიჯანში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ გასიმოვმა დღეს განაცხადა.

ამასთან, მომავალში დაგეგმილ ვაქცინაციასთან დაკავშირებით კომენტარი აზერბაიჯანის რეგიონული სამმართველოების ადმინისტრაციის საბჭოს თავმჯდომარემ, რამინ ბაირამლიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში, პირველ რიგში, მედიკოსები და 65 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ორ პლატფორმაზე შეიძენს.

„ჩვენი ქვეყანა უკვე მონაწილეობს GAVI– ს (მსოფლიო ვაქცინის ალიანსი) მოლაპარაკებებში. ამავდროულად, მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებებიც“, - აღნიშნა რამინ ბაირამლიმ.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 183 259 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვმა 2 007-ს მიაღწია.