როგორი იყო „გლდანი მოლის“ ფინანსური მდგომარეობა პანდემიამდე

გაიხსნება თუ არა თბილისში მოქმედი სავაჭრო მოლები 24 დეკემბერს, ჯერ კიდევ უცნობია.

ეკონომიკის მინისტრი უახლოეს დღეებში მოლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, სადაც გახსნის დღეს რიგების მოწესრიგების საკითხზეც იმსჯელებენ.

ცნობისათვის, თბილისში მოქმედი სავაჭრო მოლები მეორე ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადების დღიდან, 28 ნოემბრიდან დაიხურა. მთავრობის გეგმით, მათი გახსნა, თანაც, მხოლოდ რამდენიმე დღის 24 დეკემბერს მოხდება. მოლები მთავრობას დათქმულ ვადაზე ადრე გახსნას სთხოვდნენ, თუმცა დღეს 24 დეკემბერიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მანამდე კი მოლები და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები ყოელდღიურად საკმაოდ სერიოზულ ფინანსურ ზარალზე გადიან. არადა, 2019 წელი მათი ნაწილისთვის ფინანსურად წარმატებულიც კი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ ეტაპობრივად გთავაზობთ, თუ რა შემოსავალი ჰქონდათ და როგორი იყო სავაჭრო ცენტრების მოგება პანდემიამდე პერიოდში. ამჯერად წარმოგიდგენთ „გლდანი მოლის“ 2019 წლის ფინანსურ მდგომარეობას.

კომპანიის 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით `„გლდანი მოლი“ არის მესამე კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება; შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

„გლდანის მოლის“ ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით კომპანიამ 4,576 მლნ ლარის შემოსავალი (საიჯარო) მიიღო, წელი კი 2,340 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.

ამასთან, 2019 წელს კომპანიის საპროცენტო ხარჯებმა შეადგინა - 3,620 მლნ ლარი, ადმინისტრაციულმა და სხვა საოპერაციო ხარჯებმა - 240 607 ლარი. მთლიანად „გლდანი მოლის“ ვალდებულებები შეადგენს 38,629 მლნ ლარს, საიდანაც გრძელვადიანი ვალდებულებების მოცულობა არის 28,152 მლნ ლარი, მოკლევადიანის კი - 9,166 მლნ ლარი.

სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი" 2014 წლის 25 დეკემბრიდან ფუნქციონირებს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის დავით ზიბზიბაძე.