,,ჯარიმას არავითარ შემთხვევაში არ გადავიხდით“- ,,რეფორმერი ფიტნესი“

,,ჩვენ, თავიდანვე საჯაროდ გვქონდა გაცხადებული, რომ არ ვაპირებდით დავმორჩილებოდით ამ შეზღუდვებს“ - ამის შესახებ ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ბათუმში, დაჯარიმებული და დახურული ფიტნეს კლუბი ,,რეფორმერის“ მფლობელი გიორგი ფუტკარაძე აცხადებს.

,,რეფორმერი ფიტნესი“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განცხადა, რომ ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბს საცხოვრებელ სახლად იქირავებდა. ამის შემდეგ კი შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

როგორც "გირჩის" ლიდერი სოციალურ ქსელში განმარტავდა, ის ფიტნეს დარბაზთან ზეპირ ხელშეკრულებას დებდა და ვისაც ვარჯიშის სურვილი ჰქონდა, შეეძლოთ მასთან სახლში სტუმრად მისვლა, რაც კანონ საწინააღმდეგო არ არის. სწორედ ამის შემდეგ დახურა სახელმწიფომ საპოლიციო ძალით ფიტნეს კლუბი.

გიორგი ფუტკარაძის თქმით, სანქციები უკვე გაასაჩივრეს, თუმცა მიუხედავად იმისა, როგორი იქნება შედეგი, ისინი არ აპირებენ გადაიხადონ საჯარიმო თანხა.

,, ჯარიმა, რომელიც დაგვიწერეს, გავასაჩივრეთ ზემდგომ ორგანოში. შემდეგ ვიმოქმედებთ პასუხის მიხედვით. მუხლი, რომლითაც საერთოდ შეზღუდვები დაწესდა, მიგვაჩნია ანტიკონსტიტუციურად.

ჯარიმას არ გადავიხდით არავითარ შემთხვევაში. გარდა ფინანსური სანქციისა, ჩვენზე დაწყებულია სამართა წარმოებაც 248 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს კომპანიის ლიკვიდაციას და კერძო პირის შემთხვევაში შიდაპატიმრობას ან პატიმრობას. ამ ნაწილშიც მიმდინარეობს ძიება უკვე ორი კვირაა და ველოდებით რა ბრალს წაგვიყენებენ. ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჩვენ, თავიდანვე საჯაროდ გვქონდა გაცხადებული, რომ არ ვაპირებდით დავმორჩილებოდით ამ შეზღუდვებს, რადგან მორალურად უსამართლოს გარდა კონსტიტუციის საწინააღმდეგოცაა. ამასთანავე, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც არავითარ ლოგიკაში არ ჯდება. იმის გარდა რომ ადამიანებისთვის პრობლემაა კოვიდი, აქვთ სხვა არაერთი პრობლემაც, სოციალური და ეკონომიკური.

ჩვენი სივრცე არის საკმაოდ დიდი, გარდა ამისა, ვახდენთ ზედაპირების დასუფთავებას, გვაქვს სავენტილაციო სისტემა და ვანიავებთ საკმაოდ ხშირად. ამიტომ ჩვენთან ეპიდ გავრცელების საფრთხე ისედაც დაბალია. ვერ გავიგეთ, რა ლოგიკაში ჯდებოდა ჩვენი დაჯარიმება და ვერც გვიპასუხეს, ვერცერთ დასმულ შეკითხვაზე. დალუქეს დარბაზი, ტრენაჟორები და დაგვიყენეს დაცვა. ,,გვიცავენ“ საკუთარი თავისგან“-განაცხადა ფუტკარაძემ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი