,,შესაცვლელია მთლიანად სისტემა“- რატომ ვერ იგებენ ქართული კომპანიები დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს

„აუცილებელია დიდ პროექტებში განსაზღვრული იყოს კვოტები, რამდენი პროცენტით უნდა იყოს ჩართული უცხოური კომპანია და რამდენით ქართული“, - ასე ეხმაურება „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე ინფრასტურქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ქართულ კომპანიებს დიდი პროექტების განხორციელების გამოცდილება ჯერ არ აქვთ. პაატა ტრაპაიძის განცხადებით კი, არაფერი კეთდება სახელმწიფოს მხრიდან, რომ კომპანიებმა ეს გამოცდილება შეიძინონ.

,,პირველი, გამოცდილება თუ არ შევიძინეთ, არ გვექნება არასოდეს. მეორე, როგორ მოხდა, რომ ევროპულ კომპანიებსაც არ აქვთ ეს გამოცდილება, არ აწარმოებენ საქართველოში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და მხოლოდ ჩინური კომპანიები იგებენ ტენდერებს?

ჩვენ ვმონაწილეობთ საქართველოში მცირე მასშტაბის ტენდერებში და ვიგებთ კიდეც, თუმცა ქართული კომპანიები ვერ ვერთვებით დიდ პროექტებში. მაშინ როცა იგივე სომხეთში, ჩვენ მოვიგეთ ტენდერი და ახლა, მიმდინარე პროექტია სომხეთში ხიდის მშენებლობა. ხომ ყველას გვესმის, რომ უცხოეთში არავინ გვაჩუქებდა ტენდერს.

ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენ არ გვაქვს სათანადო გამოცდილება ამის. მიღების ერთადერთი გზა კი არის, რომ დიდ პროექტებში განსაზღვრული იყოს კვოტები, რამდენი პროცენტით უნდა იყოს ჩართული უცხოური კომპანია და რამდენით ქართული. თუ არ იქნება ეს ვალდებულება, სურვილი პასუხისმგებლობით ვამბობ, არასოდეს ექნებათ ქართულ კომპანიებს სათანადო გამოცდილება. ამისათვის არ მიდის არავითარი სამუშაოები, შესაცვლელია მთლიანად სისტემა, რასაც სერიოზული სამუშაოები სჭირდება მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა პაატა ტრაპარაიძემ ,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, თემაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარგენისას ისაუბრა. მისივე თქმით, სახელმწიფო ეხმარება ქართულ კომპანიებს, რომ განვითარდნენ, ხოლო “სინანული ჯერ საკუთარი თავისკენ უნდა იყოს მიმართული“.

თამარ მუკბანიანი