Philips-ი BioTelemetry-ს 2,47 მილიარდად ყიდულობს

ნიდერლანდური კომპანია Royal Philips NV, რომელიც სამომხმარებლო ელექტრონიკისა და სამედიცინო აპარატურის წარმოებითაა დაკავებული, აცხადებს, რომ ყიდულობს ამერიკულ კომპანიას BioTelemetry Inc., რომელიც მომსახურებას უწევს დისტანციურ კარდიოლოგიურ დიაგნოსტიკას და მონიტორინგს. შეთანხმების მთლიანი მოცულობა 2,47 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Philips-მა BioTelemetry-ის აქციონერებს შესთავაზა თითო აქციაზე 72 დოლარი, რომელსაც გადაუხდის ფულადი სახით კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შენაძენი შეფასებულია 2,8 მილიარდად, ფულადი სახსრებისა და ვალის გათვალისწინებით.

კონტრაქტის საბოლოო შეთანხმება მოხდება 2021 წლის პირველ კვარტალში.

Philips-ი თვლის, რომ ბიზნესების გაერთიანება მნიშვნელოვან სინერგიულ ეფექტს მოიტანს, ხელს შეუწყობს გაყიდვების გაზრდას და შესაბამისად, EBITA -ს მარჟის კორექტირებას, მომავალი წლისთვის.

ინფორმაციის გავრცელების ფონზე Philips-ის აქციებზე ფასი 2,5%-ით გაიზარდა, ხოლო BioTelemetry-ის აქციების ფასმა 15,8%-ით ნახტომი გააკეთა.

კოკა კვირკველია