„სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის საველე ჰოსპიტლები, რომელის გახსნისკენაც აქტიურად მოგვიწოდებდნენ“

სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის საველე ჰოსპიტლები, რომლის გახსნისკენაც აქტიურად მოგვიწოდებდნენ კონკრეტული ჯგუფები, ჯანდაცვის სამინისტრომ კი ბევრად უფრო უსაფრთხო და გამართული პრაქტიკა დანერგა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა მარტის თვიდან დღემდე 10-ჯერ არის გაზრდილი და 96 კლინიკაში 7200 საწოლია მობილიზებული. მისი თქმით, ამ რაოდენობას ემატება ასევე კლინიკურ სასტუმროებში არსებული 9500 საწოლი.

„თუ მარტის დასაწყისში საწოლფონდი შეადგენდა 15 კლინიკაში მობილიზებულ 826 საწოლს, მაჩვენებელი დღეისათვის არის 10-ჯერ გაზრდილი. დღეს სისტემაში მონაწილეობს 96 საავადმყოფო 7200-მდე საწოლით, რისი გაფართოების საშუალებაც ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ გვაქვს. საწოლების აღნიშნულ რაოდენობას დაემატა კოვიდის მართვაში ჩართული სასტუმროები. მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში სასტუმრო მხოლოდ კარანტინისთვის და ცხელების მქონე პაციენტებისთვის გამოიყენებოდა, დღეს უკვე სასტუმროს კლინიკური სტატუსი აქვს და იგი წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და ჰოსპიტალში მკურნალობას შორის. კლინიკურ სასტუმროებში წარმოდგენილია ის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა შედარებით რთული მდგომარეობის მართვისთვის. სწორედ სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის სავალე ჰოსპიტლები, რომლის გახსნისკენაც აქტიურად მოგვიწოდებდნენ კონკრეტული ჯგუფები. ჯანდაცვის სამინისტრომ კი ბევრად უფრო ორგანიზებული, უსაფრთხო და გამართული პრაქტიკა დანერგა კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობით, სადაც ინფიცირებულებს ზედამხედველობას უწევენ კვალიფიციური ექიმები. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, რომ კლინიკურ სასტუმროებში მედპერსონალს შორის ინფიცირების მაჩვენებელი არის დაბალი და გაზაფხულის შემდეგ მხოლოდ 3 მედპერსონალის დაინიფიცირება ფიქსირდება აქ. დღეისათვის კლინიკურ სასტუმროში მობილიზებულია 9500 საწოლი. სულ ახალხანს საქართველოში იცით, რომ იმყოფებოდა ძალიან მაღალი რანგის სტუმარი, რომელმაც მოინახულა მთელი ჩვენი სისტემა, კლინიკური სასტუმრო და აღნიშნა, რომ ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც უნდა გაზიარდეს სხვა ქვეყნებშიც და იქაც დაინერგოს,“- განაცხადა ტიკარაძემ.