კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში სრულად აღარ მოიხსნება.
ამის შესახებ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. კერძოდ, გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რა შეზღუდვა დარჩება კვლავ ძალაში და რა შეზღუდვა მოიხსნება 24 დეკემბრიდან.
- 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება;
- კვლავ აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა;
- 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. გამონაკლისი მხოლოდ ახალ წელს (31 დეკემბერს) და შობას (7 იანვარს) დაიშვება;
- 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გახსნება. იმუშავებენ აგრარული ბაზრები, თუმცა უსაფრთხოების წესების დაცვით.
- 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ, თუმცა, რიგი წესების დაცვა დასჭირდებათ.
სამუშაო საათები - 07:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე;
დაცული უნდა იყოს მომხმარებლის ნაკადები, ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე არაუმეტეს 1 ადამიანი დაიშვება;
როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე უნდა მოხდეს რიგების მკაცრი დაცვა;
ფასდაკლებების აქცია ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს უნდა გამოცხადდეს;
არ იმუშავებს გასახდელი;
მაღაზიამ უნდა დაუშვას პროდუქციის დაბრუნება-გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს 1 თებერვლიდან უნდა მოხდეს;
სავაჭრო ცენტრებში კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანით, იკრძალება;
პირბადის მოხმარება უნდა იყოს დაცული.
- ქვეყნის მასშტაბით, სასტუმროებში არსებული რესტორნები 21:00 საათამდე იმუშავებენ, ამის შემდეგ კი მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი იქნება დაშვებული (სამთო-სათხილამურო კურორტებზე კი სასტუმროები კვლავ მხოლოდ კოვიდ სასტუმროების სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას)