ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 520-ე დადგენილების შედეგად, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობის გაზრდა და პაციენტის ჯიბიდან გადასახადიც შემცირდა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 520-ე დადგენილების შედეგად, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობის გაზრდა და პაციენტის ჯიბიდან გადასახადიც შემცირდა.

მისივე თქმით, ტარიფიკაციის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება.

„ჩვენ უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი 520-ე დადგენილების ამოქმედებით, რომელიც სამედიცინო მომსახურების ტარიფების დადგენას ითვალისწინებს. აღნიშნულმა პროცესმა ერთი მხრივ მოახდინა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობის გაზრდა, ხოლო მეორე მხრივ შეამცირა პაციენტის მოსალოდნელი ჯიბიდან გადასახადი. მეტი სიცხადისთვის 2019 წლის 10 თვიანი საანგარიშო პერიოდთან შედარებით კადრიოქირურგიულ მომსახურებაზე დანახარჯი 2020 წლის იგივე პერიოდში 28%-ით არის შემცირებული, ხოლო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ნაწილში დანახარჯი 13%-ით არის შემცირებული. პარალელურად გაიზრდა მიწოდების მომსახურების მოცულობა.

ჯანდაცვის სამინისტრომ კარდიოლიგიურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, დეკემბრის დასაწყისში ჩვენ შევიძინეთ 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დეფიბრილატორები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ასევე მოქალაქის ჯიბიდან გადასახდელი თანხების მოცულობა. შედარებისთვის - 520-ე დადგენილების ამოქმედებამდე მოქალაქეებს აღნიშნულ პროცედურაში 17-დან 19 000 ლარამდე ფარგლებში უწევდათ თანაგადახდა, ხოლო დეფიბრილატორების უსასყიდლოდ გადაცემის შემდეგ თანაგადახდა შეადგენს 350 ლარს. შედეგად პაციენტის ჯიბიდან გადასახადი კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ჯამში 2.5 მილიონ ლარზე მეტით შემცირდა.

გარდა დაფინანსების გაზრდისა, ჩვენ ვმუშაობთ იმ ბენეფიციართა წრის გაფართოებაზე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ხელმისაწვდომი კარდიოქირურგიული მომსახურებით. ჩვენი მიზანია ყველა პაციენტის უფლებების დაცვა და მათი არასაჭირო დანახარჯების შემცირება. ამიტომ ტარიფიკაციის პროცესი გაგრძელდება ინტენსიურად და ეტაპობრივად მოიცავს ყველა ნოზოლოგიას. უნივერსალური ხელმისაწვდომობა უპირველესად გულისხმობს ფინანსურ ხელმისაწვდომობას და ჩვენ ამ ნაწილში უკვე მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს რამდენადაც მოქალაქეების ჯიბიდან გადასახადი 56%-დან 48%-მდე არის შემცირებული,“- განაცხადა ტიკარაძემ.