ვახტანგ გომელაური - გასულ წელთან შედარებით, დანაშაული 10%-ით შემცირდა

ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ კრიმინალმა იმატა, მონაცემები საპირისპიროს ადასტურებენ - გასულ წელთან შედარებით, დანაშაული 10 პროცენტით შემცირდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, უწყების მიერ გაწეული საქმიანობის და მომდევნო წლებში დაგეგმილი რეფორმების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, პანდემიამ ფაქტობრივად გააორმაგა პოლიციის პასუხისმგებლობა.

"მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ჩვენი ძირითადი საქმიანობის კუთხით და ამ მიმართულებით, უმთავრესი, რა თქმა უნდა, გახლავთ კრიმინალთან ბრძოლა. სამართალდამცველთა მუშაობის შედეგად, დანაშაული, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა 10%-ით. უფრო მეტსაც გეტყვით, კლების მნიშვნელოვანი ტენდენცია გვაქვს ისეთ დანაშაულებზე, რაც გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ: ყაჩაღობა -42%, გამოძალვა -34%, ძარცვა -25%, ქურდობა -12% , შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც -28%, მკვლელობის მცდელობა-5%. ეს გახლავთ რეალური ციფრები, რასაც ყოველთვიურად ვაქვეყნებთ. ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. არსებული მონაცემები კი საპირისპიროს ადასტურებენ და მსგავსი განცხადებები მხოლოდ პოლიციის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.