დუბაიში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

დუბაიში დღეიდან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროები მეორე არაბული ქვეყანა გახდება საუდის არაბეთის შემდეგ, რომელიც Pfizer/BioNTech-ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას იწყებს.

დუბაის ჯანდაცვის ორგანოს ინფორმაციით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე 60 წლის და ზემოთ ასაკის პირები, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე 18 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან.

ვაქცინაცია მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯანმრთელობისა და დაავადებების პრევენციის სამინისტრომ Pfizer-BioNTech- ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისათვის გუშინ დაარეგისტრირა.