1 და 2-თეთრიანი მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდეა

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ 1 და 2-თეთრიანი მონეტების საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს. სებ-ის ცნობით, 2021 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში 1 და 2-თეთრიანი მონეტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკსა და კომერციული ბანკებში იქნება შესაძლებელი, 2022 წლის პირველი იანვრიდან კი - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკში, უვადოდ.

"შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, 2019 წლის პირველი იანვრიდან ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი დამრგვალების მეთოდით შეიცვალა. დამრგვალების მეთოდი მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე, რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე ვრცელდება, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება კი უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტითაა შესაძლებელი",-აღნიშნულია ინფორმაციაში.