შემცირებული ექსპორტი და შიდა გაყიდვები - როგორი იყო „წყალი მარგებელის“ 2020 წელი

,2020 წელს შემცირდა როგორც ექსპორტი, ასევე შიდა გაყიდვები“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,წყალი მარგებელის“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა განაცხადა.

თინათინ მახარაძის თქმით, მტკნარი წყლების რეალიზაცია 25%-ით შემცირდა, მინერალური წყლის 5%-ით, ხოლო წლის ბოლოსთვის ექსპორტის შემცირება 30%-ს მიაღწევს.

,,პანდემია როგორც სხვა აბსოლუტურად ყველაფერზე, ბუნებრივია, აისახა ჩვენს კომპანიაზეც. განსაკუთრებით კი, მტკნარი წყლის გაყიდვებზე, რომელიც დაახლოებით 25%-ით შემცირდა. შედარებით ნაკლები იყო მინერალური წყლის, „ნაბეღლავის“ გაყიდვების კლება, რომლის რეალიზაციაც 5%-ით შემცირდა. ამაში შედის არომატიზებული წყლებიც.

შემცირებაა ექსპორტის მიმართულებითაც, რომელიც წლის ბოლოსთვის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. არ მოგვკლებია არცერთი ქვეყანა, ისევ 27 ქვეყანაში ვყიდით პროდუქციას. იყო რიგი ქვეყნები, სადაც ბაზარი გაიზარდა, მაგალითად, აშშ-ში და იაპონიაში. შემცირება ძირითადად რეგიონის ქვეყნებზე მოდის.“-განაცხადა მახარაძემ.

მისივე თქმით, ,,წყალი მარგებელს“ პანდემიის გამო არცერთი პროდუქტის გამოშვება არ გადაუვადებია და კომპანია მომხმარებელს სიახლეებს შესთავაზებს 2021 წელსაც.

,,წელს, არ გადადებულა არცერთი პროდუქტის გამოშვება.კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, „ბუღას“, 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა. რაც გვქონდა გეგმა იმის მიხედვით. ასეთვეა გეგმები მომავალი წლისთვის და ახალი პროდუქტების დამატებას ვაპირებთ 2021 წელსაც“-განაცხადა თინათინ მახარაძემ.

,,წყალი მარგებელის“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერი, მარკირების გადასახადის კიდევ ერთხელ გადავადებასაც ეხმაურება.

,,მარკირების საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი და სასურველი იქნება ნებისმიერი შეღავათი კომპანიისათვის. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ გადავადება პოზიტიური ნაბიჯია“-განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირების გადასახადს შემოსავლების სამსახური 2021 წელს ისევ გადაიხდის, თუმცა მხოლოდ 10 თვის განმავლობაში. უკვე 2021 წლის 1-ლი ნოემბრიდან ბიზნესს ამ გადასახადის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ იმასაც, რომ შემოსავლების სამსახური უკვე წლებია იხდის მარკირების საფასურს.

თამარ მუკბანიანი