"ევროპა და აშშ უკეთესს აკეთებენ შეიძლება თანხით, ციფრით, მაგრამ არა იმ მიმართულებების აღმოჩენით, რაც ჩვენ გავაკეთეთ"

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ წლების შემდეგ, ძალიან მაღალი შეფასება მიეცემა იმ ანტიკრიზისულ პაკეტებს, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიის პირობებში გასცა.

როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განმარტა, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ხელისუფლებამ რაიმე დააკლო ან არალოგიკური დახმარება გაწია.

„ერთმნიშვნელოვნად მინდა იცოდეთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ჩვენი ანტიკრიზისული პაკეტები, სოციალური მხარდაჭერის თუ ბიზნესის, საუკეთესო გამოცდილებაზეა დაყრდნობილი. არა მარტო ის არის, რაც უცხოეთში კეთდება, ინოვაციური კომპონენტებიც შევიტანეთ და გეტყვით რას ვგულისხმობ - სავალუტო ფონდმა და ბოლო პერიოდში ჩატარებულმა ყველა კვლევამ ახსენა, რომ ამ მწირი რესურსებით, ამ პატარა, ღარიბმა ქვეყანამ რამდენად სწორად და რამდენად სამართლიანად გადაანაწილა რესურსი, იქნება ეს უშუალოდ პანდემიისგან ვინც დაზარალდა, უმუშევრად ვინც დარჩა, ფორმალურ-არაფორმალური სექტორი თუ სხვა. დენის ნაწილი იყო ინოვაციური, როდესაც ზუსტად გავედით შეჭირვებულ ფენაზე. ბიზნესისთვის როგორი დახმარება გავაკეთეთ... დარწმუნებული ვარ, გავა წლები და როდესაც შეფასდება ეს პაკეტები, ამ შეზღუდული რესურის პირობებში როგორ მოვიქეცით, მგონია, რომ ამის მაღალი შეფასება იქნება. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, ამიტომ არავის ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ დავაკელით ან ისეთი დახმარება გავწიეთ, რომელიც საერთოდ არალოგიკურია. ევროპა და აშშ უკეთესს აკეთებენ შეიძლება თანხით, ციფრით, მაგრამ არა იმ მიმართულებების აღმოჩენით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ“,- განაცხადა მაჭავარიანმა.