გაერთიანებულ სამეფოში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებით მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო

გაერთიანებულ სამეფოში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებით მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველი პაციენტი, რომელიც ქვეყანაში აღნიშნული ვაქცინით აცრეს, 82 წლის ბრაიენ პინკერია.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ვღებულობ და ნამდვილად ვამაყობ, რომ ის ოქსფორდში გამოიგონეს,”- განაცხადა ბრაიენ პინკერმა.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეებს ვაქცინის პირველ და მეორე დოზას 12 კვირის და არა დაგეგმილი 21 დღის შუალედით გაუკეთებენ. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები იმით ხსნიან, რომ „ბევრად უფრო სასურველია“, ვაქცინის პირველი დოზა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეების კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროგრამა 8 დეკემბერს, Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენებით დაიწყო და ამ დროისთვის ვაქცინის პირველი დოზა მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.