აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი იზრდება - რა მოცულობის ბუნებრივ აირს მიიღებს საქართველო გატარების სანაცვლოდ

2021 წელს საქართველო აზერბაიჯანიდან მთლიანად 188,8 მლნ კუბური მეტრით მეტ გაზს მიიღებს, ვიდრე 2020-ში. როგორც 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსშია აღნიშნული, წელს ქვეყანა აზერბაიჯანიდან სულ 2,518 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, საიდანაც „სოკარის“ მიწოდება იქნება 1,504 მლრდ კუბური მეტრი.

ამავე ბალანსის მიხედვით, წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ (სპეციალურ ფასად შესასყიდი გაზი) მოცულობა 508.7 მლნ კუბური მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ (ტრანზიტის მოცულობასთან უშუალოდ დაკავშირებული) – 505.9 მლნ კუბური მეტრი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ საქართველო 1,014 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, რაც 126 მლნ-თი მეტია გასულ წელთან შედარებით. შარშან „ოფციური“ და „დამატებითი გაზის“ მოცულობა 888,5 მლნ კუბური მეტრი იყო.

ამასთან, ბალანსის მიხედვით, საქართველო წელს დამატებით 200 მლნ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს რუსეთიდან. ამასთან, წელს იზრდება ადგილობრივი მოპოვებაც და ის 11.08 მლნ კუბური მეტრის მოცულობით არის ნავარაუდევი. ჯამში, 2021 წელს გაზის მოწოდების პროგნოზი 2.729 მლრდ მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი იქნება.

რაც შეეხება მოხმარებას, 2021 წლის პროგნოზით ის 2.694 მლრდ კუბური მეტრი იქნება, აქედან 1.794 მლრდ კუბური მეტრი სოციალური მოხმარებაა (664.9 მლნ კუბური მეტრი თბოსადგურები და 1.129 მლრდ კუბური მეტრი მოსახლეობა), 899.82 მლნ კუბურ მეტრს მოიხმარს კერძო სექტორი. ტრანსპორტირებისას გაზის დანაკარგის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 35 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ კონსორციუმმა TAP AG ამ გაზსადენის მშენებლობის დასრულების შესახებ გასული წლის 13 ოქტომბერს გამოაცხადა. 2021 წლიდან აზერბაიჯანმა შაჰ-დენიზის საბადოდან “ტრანსადრიატიკული გაზსადენით“ (TAP) ევროპისთვის გაზის მიწოდება დაიწყო.

TAP-ის სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ გადის საბერძნეთის ჩრდილოეთით, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, ხოლო 105 კმ ადრიატიკის ზღვის ფსკერზე, დარჩენილი 8 კმ იტალიის ტერიტორიაზეა. TAP გახლავთ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ ბოლო კომპონენტი, TANAP-ის გაგრძელება. (TANAP - საქართველოს ტერიტორიაზე გადის) ამ მილსადენმა წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება უნდა მოახდინოს ევროპაში. მისი სიმძლავრეების შესაძლებლობა კი ამ მოცულობის გაორმაგების საშუალებას იძლევა.

პროექტის თანამფლობელები არიან: კომპანია SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagas (16%) და Axpo (5%). პროექტის ჯამური ღირებულება 4,5 მილიარდი ევროა.