დავით ნარმანია: ქალაქში საცობების განტვირთვისთვის სხვადასხვა სამუშაოებია დაგეგმილი

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქში საცობების განტვირთვისთვის სხვადასხვა სახის სამუშაოებია დაგეგმილი.

როგორც ნარმანიამ განაცხადა, განხორციელდება გზების გაფართოების სამუშაოები. მისი თქმით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო იქნება პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა.

"ზამთრის დადგომამდე გზების ძირითად ნაწილზე ხდება მოწესრიგების სამუშაოები იმისთვის, რომ ზამთარი გზებმა ადვილად გადაიტანონ. საცობები ძალიან მწვავე პრობლემაა ქალაქისთვის. ჩვენ ვგეგმავთ კვლევის გაკეთებას სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, განვახორციელებთ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც ერთის მხრივ, გზების გაფართოებას გულისხმობს, მეორეს მხრივ, ჭების თავსახურების მოწესრიგებას და ასევე სხვა სამუშაოებს. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საკვანძო იქნება პუშკინის ქუჩაზე მოძრაობის აღდგენა. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, თუმცა არის აუცილებელი სამუშაოები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.