ფინანსთა მინისტრი - საკომპენსაციო პაკეტი, რომლითაც ზამთრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება მოხდება, ბიუჯეტს 270 მილიონი ლარი დაუჯდება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, საკომპენსაციო პაკეტი, რომლითაც ზამთრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება მოხდება, 270 მილიონი ლარი დაჯდება და 1.6 მილიონზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.

„საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც შეეხება მოხმარებულ ელექტროენერგიას ზამთრის თვეებში და მოიცავს ოთხ თვეს - 2020 წლის ნოემბერი დეკემბერსა და 2021 წლის ინავარი-თებერვალს, აქ ვვარაუდობთ, რომ ბიუჯეტს ეს სუბსიდირება 270 მილიონი ლარი დაუჯდება და 1.6 მილიონ ოჯახზე მეტი იქნება ბენეფიციარი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე განცხადებით, თბილისის, მცხეთის და რუსთავის სოციალურად დაუცველი აბონენტებისთვის წყლის მომატებული ტარიფების დასუბსიდირება ჯამურად 55 მილიონ ლარამდე განისაზღვრება.

„ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა დაუსუბსიდირდება ყველა აბონენტს, რომელიც მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, რაც ჩვენს ქვეყანაში 95%-ზე მეტ ოჯახს ფარავს. ასევე, წყლის ტარიფების ზრდა დაუსუბსიდირდებათ თბილისის, მცხეთის და რუსთავის სოციალურად დაუცველ აბონენტებს. ჯამურად ეს 55 მილიონ ლარამდე განისაზღვრება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.