„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რაც ინიციატორთა განმარტებით, მთავრობას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაჩქარებაში დაეხმარება

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რაც ინიციატორთა განმარტებით, მთავრობას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაჩქარებაში დაეხმარება.

პროექტი ჯანდაცვის კომიტეტმა მოამზადა.

„ვაქცინაციის მწარმოებელი სახელმწიფოები გვთავაზობენ თანამონაწილეობას იმ რისკებში შეხიდებაში, რაც შეიძლება ვაქცინაციის პროცესს სდევდეს. ვაქცინაცია კანონით რეგულირდება, ჩვენს ქვეყანაში ეს მაღალი დონით ვითარდება, მაგრამ რაკი ამ ვაქცინის ჩვენთან შემოტანა ვადაზე ადრეა დაკავშირებული, ამ პროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა გაზიარებას გვთხოვს იმ გართულებებში, რაც შეიძლება თან ახლდეს. ჩვენ ამ ინიციატივას ვიზიარებთ, რადგან პირველი და გადაუდებელია ამ ვაქცინის დროულად შემოტანა და რეალიზება“, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო კახაძემ, რომელმაც აქვე დასძინა, რომ „პანდემია გადაუდებელ ჩარევას ითხოვს“.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ინიციატივა მთავრობას დაეხმარება, რაც შეიძლება მოკლე ვადებში დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი საქართველოში.

„მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს - პირველ რიგში, ეს არის “კოვაქს პლატფორმა“, თუმცა ასევე განიხილება ყველა ხარისხიანი ვაქცინის მიღების შესაძლებლობა. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლევა მოკლე ვადებში, ერთ-ერთმა პირველმა უზრუნველვყოთ რისკ ჯგუფების და შემდეგ ფართო მოსახლეობის ვაქცინაცია“, - განაცხადა თალაკვაძემ.