პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების დარღვევისთვის, მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, 39 ათასზე მეტი ჯარიმა დაიწერა

2020 წლის 21 მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების დარღვევისთვის 39 187 ჯარიმა დაიწერა, საიდანაც 31 016 პირბადის ტარების წესის დარღვევას უკავშირდება, 1428 კი იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევას. დარღვევების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შსს-დან გამოითხოვა.

რაც შეეხება ინფორმაციას ჩაშლილად, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, როცა ქვეყანაში პრეზიდენტის დეკრეტი მოქმედებდა, 8 737 სამართალდარღვევა გამოვლინდა. უწყების ცნობით, ამ პერიოდში ჯარიმების სახით გამოწერილი თანხის რაოდენობა 26 მილიონ 463 000 ლარს შეადგენს. დაჯარიმდა 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი.

კერძოდ, თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტზე 144 ჯარიმა (432 000 ლარი) გამოიწერა, მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევაზე 1 406 ჯარიმა (4 218 000 ლარი) , მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 430 ჯარიმა (1 290 000 ლარი), აკრძალული ობიექტის ფუნქციონირების ან რეალიზაციის წესების დარღვევაზე 39 ჯარიმა (117 000 ლარი) დაიწერა, 3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრი დისტანციის დაუცველობა / პირბადის გამოუყენებლობაზე 1 850 ჯარიმა (5 550 000 ლარი) , კომენდანტის საათის დარღვევისთვის 4820 ჯარიმა (14 460 000), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილებისთვის 27 ჯარიმაა (81 000 ლარი) გამოწერილი, ხოლო იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობისთვის 21 ჯარიმა (315 000 ლარი) დაიწერა.

ამასთან, მაისიდან ნოემბრის ჩათვლით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით დაწესებული მოთხოვნების დარღვევისთვის, კერძოდ კი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის 1284 ფაქტი, ხოლო პიბადის ტარების წესის 29 166 დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ჯარიმა თბილისში გამოიწერა, ჯარიმათა რაოდენობით თბილისს მოსდევს ქვემო ქართლი. ყველაზე ცოტა რაოდენობის ჯარიმა გურიის რეგიონში დაიწერა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების განმეორებით დარღვევის ფაქტზე გამოძიება 227 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო.