Amazon და Walmart მომხარებლებს პროდუქციის დაბრუნების სანაცვლოდ თანხას დაუბრუნებენ

ამერიკული საცალო სავაჭრო კომპანიები მოხმარებლებს პროდუქციის დაბრუნების ნაცვლად თანხით ანაზღაურებას და პროდუქციის დატოვებას სთავაზობენ.

Amazon.com Inc, Walmart Inc. და სხვა კომპანიები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას, რათა განსაზღვრონ, ღირს თუ არა ეკონომიკური გადასახედიდან პროდუქციის უკან მიღება.

როგორც წესი, კომპანიებს თანხის უკან დაბრუნება უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე პროდუქციის უკან გადმოგზავნის პროცედურა, თუ საუბარია დაბალფასიან ან დიდი გაბარიტების მქონე პროდუქციაზე, ვინაიდან მათი ტრანსპორტირება ხშირად ღირებულებაზე ძვირი ჯდება. ცნობილია, რომ კომპანიებს ერთი შენაძენის უკან დაბრუნების პროცესი ტრანსპორტირების გარეშე 10-20 დოლარი უჯდებათ, იაფიანი შენაძენის შემთხვევაში კი ეს მეტად წამგებიანია მათთვის.

პანდემიის პირობებში, ვინაიდან ონლაინ გაყიდვებმა ამ პერიოდში პიკურ მაჩვენებელს მიაღწია, Amazon-ისა და ცალკეული სხვა კომპანიების მაგალითს მიყვნენ სხვა კომპანიებიც, მათთვის წამგებიანი გახდა დაწუნებული პროდუქციის უკან დაბრუნების მანამდე არსებული პრაქტიკა. შედეგად გახშირდა შემთხვევები, როცა რითეილერები მყიდველებს თანხის ანაზღაურებასთან ერთად პროდუქციის დატოვებას სთავაზობენ, ან მისი საქველმოქმედო მიზნით გამოყენებას, წერს გაზეთი The Wall Street Journal.

ცნობისთვის, 2020 წელს ონლაინ შეკვეთების შედეგად პროდუქციის უკან დაბრუნების შემთხვევებმა 2019 წელთან შედარებით 70%-ით მოიმატა. უკან დაბრუნებული პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ კი 70,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 73%-ით მეტია წინა 5 წლის მაჩვენებელზე.

კოკა კვირკველია