„ეკონომ სეგმენტზე გათვლილ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა“ - როგორია სუბსიდირების პროგრამის შედეგები

„საცხოვრებელი სექტორის დინამიკა ნელი ტემპით, თუმცა მაინც წინ მიიწევს აღდგენის გრძელ გზაზე“,- ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული. ამასთან, დოკუმენტში აღწერილია ის ძირითადი შედეგები, რაც იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამამ მოიტანა.

“სუბსიდირების პროგრამამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საცხოვრებელ სექტორს, თუნდაც მყიდველის ნდობის განმტკიცების კუთხით. ისიც შეიძლება ითქვას, რომ სუბსიდირების პროგრამამ, გარკვეულწილად, დააჩქარა ბინის შეძენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, დარეგულირდა მოთხოვნა და ფასები, რამაც თავის მხრივ, უზრუნველყო ლიკვიდურობის შენარჩუნება და შეჩერებული პროექტების გაგრძელება. წლის დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ საცხოვრებელი სექტორის დინამიკა ნელი ტემპით, თუმცა მაინც წინ მიიწევს აღდგენის გრძელ გზაზე”,- აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტის თანახმად, სუბსიდირების პროგრამის პირდაპირი და არაპირდაპირი შედეგები ასეთია:

  • მოთხოვნა გაიზარდა ეკონომ სეგმენტზე გათვლილ უძრავ ქონებაზე, თუმცა სუბსიდირების პროგრამამ ვერ უზრუნველყო ფასების ზრდა საშუალო და პრემიუმ სეგმენტებზე.
  • გაიზარდა ახალაშენებული ბინების გაყიდვები და ჯამური ტრანზაქციების 70% შეადგინა. გასულ წლებში, აღნიშნული მაჩვენებელი 60-62%-ს შორის მერყეობდა.
  • წლიურ ჭრილში, ტრანზაქციების საერთო მოცულობა 20.6%-ით შემცირდა
  • ქალაქის მასშტაბით, ბინების ფასმა საშუალოდ 3%-ით იკლო. ფასების შემცირება, ძირითადად, შეეხო მეორეულ ბინებს, ახალაშენებულ ბინებზე კი შენარჩუნდა არსებული საფასე ნიშა.
  • ივნისიდან მოყოლებული, გაიზარდა იპოთეკური სესხების რაოდენობა (კლება დაფიქსირდა მხოლოდ აგვისტოს თვეში, როდესაც ტრანზაქციების რაოდენობამ ასევე 9%-ით იკლო)
ნინი ქეთელაური