10-წლიანი უწყვეტი ზრდის შემდეგ 2020 წელს გერმანიის ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

2020 წელს გერმანიის ეკონომიკა 5%-ით არის შემცირებული, რაც პირველი შემთხვევაა ბოლო 10-წლიანი უწყვეტი ზრდის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახური Destatis-ი ავრცელებს.

როგორც The Wall Street Journal წერს, კლების მაჩვენებელი იმაზე უკეთესია, ვიდრე აქამდე Trading Economics-ის მიერ იყო ნავარაუდევი - 5,1%.

Destatis ანგარიშში წერს, რომ 2020 წელს 10-წლიანი ზრდის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა ღრმა რეცესიაში ჩავარდა, რაც გამოწვეულია კორონავირუსის კრიზისით. ანალოგიური რეცესია ქვეყანაში 2008-2009 წლებში დაფიქსირდა. თუმცა მასში ნათქვამია, რომ 2020 წლის კლება უფრო ნაკლებია, ვიდრე 2009 წლის, როცა მშპ-ს კლებამ 5,7% შეადგინა. ცნობისთვის გერმანიის ეკონომიკა 2019 წელს 0,6%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წელს 1,8%-იანი ზრდა იყო.

ამასთან, Destatis-ის შეფასებით, გერმანიის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა გასულ წელს მშპ-ს 4,8% შეადგინა - ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1995 წლის შემდეგ.

კოკა კვირკველია