,,თანამშრომლებს, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასაც წლები მოვანდომეთ, ვკარგავთ“ - პანდემიის კიდევ ერთი ნეგატიური გავლენა ტურისტულ ბიზნესზე

,,ჩვენი მუდმივი თანამშრომლები უკვე გადავიდნენ სხვა სექტორებში და დაბრუნდებიან თუ არა ტურიზმში, არავინ იცის“- ამის შესახებ კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი" დამფუძნებელმა, ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა რადიო „პალიტრასა’’ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ დასაქმებულები ვერ დაელოდებოდნენ მხოლოდ სახელმწიფოსაგან 200 ლარს. მურაჩაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ პანდემია კი არა, შიმშილი და უწამლობა კლავს.

,,უცნაურია, რატომ გაუკვირდათ, რომ სასტუმროების დახურვის შემდეგ დამსვენებელთა ნაკადებმა კერძო სახლებში და ჰოსტელებში გადაინაცვლა. ეს ისედაც მოსალოდნელი და ცხადი იყო. ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. მიუხედავად ამისა, რომ რიგ კურორტებზე დამსვენებლები არიან, ჩვენ მივიღეთ სრულად დახურული სეზონი ზამთრის კურორტებზე, გუდაური მთლიანად გაჩერებულია. ერთადერთი ბაკურიანი მუშაობს, სადაც ტყის საფარი და ჰაერია ისეთი, რომ ოჯახებს შეუძლიათ საბაგირო და სათხილამურო გზების გარეშეც დაისვენონ. სანახევროდ კი არა საერთოდ ვერ გადარჩნენ წელს ზამთრის კურორტები. შეზღუდვების შედეგი არის ასეთი - გაიზარდა მობილობა რეგიონებში, სადაც სასტუმროებს ფუნქციონირების უფლება აქვთ და გაიზარდა ჩრდილოვანი ეკონომიკა იქ, სადაც სასტუმროებს ფუნქციონირების უფლება არ აქვთ. ადამიანებმა, როგორც შეძლეს, ლუკმა პური ისე იშოვეს.

ერთადერთი, რასაც ვითხოვთ ტურისტული სექტორი, არის რომ ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, გვამუშაონ ჩვენც. 28 ნოემბერს ჩვენ არ ვიცოდით, რომ გვკეტავდნენ. ის ხალხი, რომლებიც ჩვენი მუდმივი თანამშრომლები არიან, შევკრიბეთ და ვუთხარით, რომ 28 ნოემბერს ვიხსნებით, რაც ტყუილი აღმოჩნდა. რა თქმა, უნდა, მოგვიწია მათი სახლში გაშვება და ელოდებოდნენ დახმარებას სახელმწიფოსგან. ვინმეს სჯერაა, რომ 200-ლარიანი დახმარებით ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრება? მხოლოდ ვირუსი არ კლავს. უწამლობა და შიმშილიც კლავთ ადამიანებს.

ეს ყველაფერი მხოლოდ სოციალურ ფონს კი არ ამძიმებს, ეს გამოიწვევს დიდ პრობლემას კადრების კუთხით. თანამშრომლებს, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასაც წლები მოვანდომეთ, ვკარგავთ. ისინი უკვე გადავიდნენ სხვა სექტორებში და დაბრუნდებიან თუ არა ტურიზმში, არავინ იცის. ჩვენ კი, ახალი კადრების გაზრდა მოგვიწევს, რასაც კიდევ ბევრი წელი დასჭირდება“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი