თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად დაახლოებით, 64 მილიონიდან 158 მილიონ ლარამდე თანხა სჭირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად დაახლოებით, 64 მილიონიდან 158 მილიონ ლარამდე თანხა სჭირდება.

როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზენტაციაზე განაცხადა, თანხის ნაწილი ქვეყანას ბიუჯეტიდან უკვე გადახდილი აქვს კოვაქსპლატფორმაში, ხოლო ნაწილს ევროპის საინვესტიციო ბანკიდან მიიღებს.

„რა არის ის საჭიროება რაც გეგმის განხორციელებისთვის მზად უნდა გვქონდეს - შეფასებული მინიმალური საჭიროება ეს არის 64 მილიონი ლარი, მაქსიმალური ღირებულება 158 მილიონი ლარია, განსხვავება უკავშირდება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას, რადგან ვაქცინის ფასი შესაძლოა მერყეობდეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით მიღების შემთხვევაში. ძირითადი განსხვავება ამ ბიუჯეტურ პარამეტრებში უკავშირდება ვაქცინის ფასს. ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ნაწილი ამ თანხის ბიუჯეტიდან გადაიხადა კოვაქსის პლატფორმაში, რაც ჩვენ გვაძლევს გარანტიას მოსახლეობის 20%-სთვის ვაცინის მიღების თაობაზე, თუმცა, დამატებით კიდევ იქნება რესურსი საჭირო, რაც უკვე მობილიზებულია სხვადასხვა წყაროდან, ერთ-ერთი გახლავთ ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულება, რაც ძალიან მალე ამოქმედდება. წლის ბოლომდე ეს მოგვცემს საშუალებას სრულად მოვიცვათ ბიუჯეტურად, რაც გვჭირდება“, - განაცხადა გაბუნიამ.