რა წესების დაცვით მოუწევთ სავაჭრო მოლებს გახსნა - ბიზნესმა დეტალები ჯერ კიდევ არ იცის

1-ლი თებერვლიდან სავაჭრო მოლები მუშაობას განაახლებენ, თუმცა კონკრეტულად რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა, უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ სავაჭრო ცენტრები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ და ასევე სავალდებულო იქნება თანამშრომლების ტესტირება. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი აცხადებს, სხვა დეტალები ჯერჯერობით არ იციან.

„დეტალები, თუ რა წესებით ვიმუშავებთ, ჯერ არ არის ცნობილი. ველოდებით ოფიციალურ დადგენილებას. არ ვიცით, იფუნქციონირებს თუ არა გასახდელები. ვიცით, რომ არ ვიმუშავებთ შაბათ-კვირას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როცა კომენდანტის საათია და 19:00 საათზე უკვე გვიწევს დავხუროთ მაღაზიები, უქმეები უმნიშვნელოვანესია რეალიზაციისთვის. დასაქმებული ადამიანები გამოდის, რომ ვერ მოახერხებენ ჩვენთან მოსვლას, მათ კი ვინც სამუშაოს გარეშე დარჩა, ისედაც არ აქვთ საყიდლებზე სიარულის შესაძლებლობა.

უკვე ვიცით, რომ ტესტირება იქნება სავალდებულო, თუმცა რამდენი პროცენტი თანამშრომლების და რა პროტოკოლით, რა ინტენსივობით უნდა გაიტესტოს, ამაზეც დაზუსტებულ დოკუმენტს ველოდებით. ითქვა, რომ ტესტირება მოხდებოდა ანტიგენით. პირველ თებერვლამდე პირველი ტესტი უფასოა, ეს შეეხება ჩვენს სექტორსაც, შემდეგ კი ბიზნესს მოუწევს ამ ხარჯის საკუთარ თავზე აღება. ასევე, ბიზნესს ხარჯი გაეზრდება იმითაც, რომ თებერვალში არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თანამშრომლების გადაადგილება ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ.

არის ძალიან ბევრი რამ, რისი შეცვლაც გვინდა, მაგრამ დრომ და მთავრობასთან კომუნიკაციამ დამარწმუნა, რომ პირველი გადაწყვეტილება არ იცვლება მიუხედავად იმისა, როგორია ჩვენი არგუმენტი. ხელისუფლება როგორც წესი, არასოდეს იცვლის აზრს.

არ ვიცით არც ის, 20 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვება დარჩება ძალაში თუ არა. უფრო ალბათ კი, იმიტომ რომ თუ რამე სასიკეთო ცვლილებაა, მაშინვე ამბობენ. ახლა უნდა დაველოდოთ, რაც შეზღუდვების მოხსნაში არ იქნება, ანუ ისევ აკრძალულად დარჩება. სამწუხაროდ, ასეთია ახლა კომუნიკაციის ფორმა სამთავრობო უწყებებთან“,-განაცხადა მაღალაშვილმა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოლები ფუნქციონირებას პირველი თებერვლიდან განაახლებენ, ღია ტიპის ბაზრობები კი 15 თებერვლიდან.

თამარ მუკბანიანი