ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა იქნება საქართველოში

ჩვენი მოლოდინია, რომ თებერვლის ბოლოს იქნება საქართველოში ვაქცინა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ვაქცინის მოცულობებზეც რათა დროულად დაიწყოს ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

„ვაქცინაციის გეგმა, როგორც იცით დამტკიცებულია. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს. პირველი ვაქცინაციის გეგმა ეხება სამედიცინო პერსონალს. ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროსგან მოთხოვნა, რომ წარმოდგენილი იყოს დეტალური სიები იმ პერსონალზე, ვინც დასაქმებულია სამედიცინო დაწესებულებაში.

ველოდებით ამ გეგმას, ვაქცინის მიღების შემდეგ ჩვენ უკვე დავიწყებთ ვაქცინაციას. ვაქცინას ველოდებით პირველ კვარტალში. უფრო ზუსტად ჩვენი მოლოდინი არის, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა იქნება საქართველოში. ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, ვაქცინის მოცულობებზე, რათა დროულად დავიწყოთ ფართო ვაქცინაცია“,-აცხადებს ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაცია „კოვაქს“ პლატფორმიდან იქნება შესაძლებელი.

„საუბარია მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე. 20% იქნება დაკმაყოფილებული „კოვაქს“ პლატფორმიდან, დანარჩენ რაოდენობას მივიღებთ სხვა მწარმოებლებისგან. „კოვაქს“ პლატფორმიდან პასუხს ველოდებით თვის ბოლოს“,-აცხადებს ტიკარაძე.