ნორვეგია ხვალიდან საზღვრებს კეტავს

ნორვეგია სხვა ქვეყნებთან ხვალიდან საზღვრებს დახურავს, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სულბერგმა განაცხადა.

„რასაც ვხედავთ, არის ის, რომ მუტირებული ვირუსი მნიშვნელოვნად გავრცელდა ბევრ ქვეყანაში, ისევე, როგორც ნორვეგიაში, დანიასა და ბრიტანეთში. პრაქტიკულად, საზღვარი დაიხურება ყველასთვის, ვინც ნორვეგიაში არ ცხოვრობს“, - განაცხადა სულბერგმა.

შეზღუდვა არ შეეხება ქვეყანაში აუცილებელი მიზეზის გამო შემსვლელ პირებს.

ნორვეგიამ შაბათს ოსლოსა და მიმდებარე რაიონებში, ე.წ. „ბრიტანული შტამის“ გავრცელების შესაჩერებლად, „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ყველა არააუცილებელი პროდუქციის მაღაზია დაიკეტა.

ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 61 961 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ვირუსს 556 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.