ფინანსთა სამინისტრო იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იმამურა აკირასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსთა მინისტრმა ელჩს საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის პირობებში. ხაზი გაესვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) სასესხო ინსტრუმენტების საშუალებით ხორციელდება.

უწყების ცნობით, დღესვე, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხელი მოაწერეს „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ” კონვენციას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა კონვენციამ ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება და ამიერიდან, იაპონიასთან საქართველოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ახალ სამართლებრივ ჩარჩო დოკუმენტზეა დაფუძნებული.

შეთანხმება ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განახლებულ, 2017 წლის მოდელს და ითვალისწინებს დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტით დადგენილ სტანდარტებს.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრომ იაპონიასთან „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებები გასული წლის ივნისში დაიწყო.

იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ახალი სამართლებრივი დოკუმენტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან,“-ნათქვამია ფინანსთან სამინისტროს ინფორმაციაში.