„ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურმა საუნივერსიტეტო კლინიკამ“ ერთი ექოსკოპიის აპარატის შესაძენად 10 ტენდერი ჩაატარა და შესყიდვის სრული პროცესი 22 თვე გაგრძელდა"

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ“ ერთი ექოსკოპიის აპარატის შესაძენად 10 ტენდერი ჩაატარა და შესყიდვის სრული პროცესი 22 თვე გაგრძელდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ 2015-2017 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშში შესყიდვებთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ კლინიკამ ექოსკოპიის აპარატის შესაძენად ჩატარებული ტენდერების პარალელურად ექოსკოპიის აპარატის იჯარით სარგებლობაში 75 908 ლარი გადაიხადა. ამასთან, კლინიკამ შესყიდვების კანონმდებლობის დარღვევით, ექოსკოპიის აპარატით მომსახურებაზე ტენდერის გამოცხადების ნაცვლად პირდაპირ გაუფორმა იჯარის ხელშეკრულება კერძო კომპანიას, რომლის დირექტორიც კლინიკის დირექტორთან საგადასახადო კოდექსით დადგენილი ურთიერთდამოკიდებული პირი იყო.

სხვა ნაკლოვანებებთან ერთან აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ კლინიკის დირექტორმა, როგორც სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, 12 შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, არ გააკეთა თვითაცილება და მონაწილეობა მიიღო საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შერჩევა-შეფასებაში.

„ოთხ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდნენ ისეთი კომპანიები, რომელთა დირექტორებსა და კლინიკის დირექტორს შორის არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი, რაც წარმოქმნის არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკს. ამასთანავე, აღნიშნული შემთხვევები მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ითვალისწინებდა იმჟამინდელი კლინიკის დირექტორის დაჯარიმებას, თითოეულ შემთხვევაზე 1 500 ლარის ოდენობით“,-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში კლინიკის მიერ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ნაკლოვანებებზე, ასევე შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებსა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურების მოთხოვნის მიზნით გატარებული ღონისძიებების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობაზეა საუბარი.