მერია მეტროს ვაგონების მოდერნიზაციაზე 14,5 მლნ ლარს დახარჯავს

მერია მეტროს მოძრავი შემადგენლობის, ვაგონების მოდერნიზაციის მომსახურებაზე 14 503 857 ლარს დახარჯავს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 28 თებერვალს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ცენტრალური ამორტიზატორი, სამუხრუჭე ხუნდები, კარების ჰაერგამანაწილებელი, წნევის რეგულატორი და ა.შ. უნდა შეიცვალოს ახლით. ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, უნდა შეიცვალოს სალონში არსებული სავარძლები ახალი ანტივანდალური სავარძელით, ფერი და დიზაინი კი შემსრულებელმა შემსყიდველთან უნდა შეათანხმოს.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა დაასრულოს. .