„ის, ვინც ერთხელ სინჯავს ჩვენს პროდუქტს, მუდმივი მომხმარებელი ხდება“ - რა ღირს და რა თვისებებით გამოირჩევა ჯარას თაფლი

ჯარაში თაფლის წარმოებას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს ის თაფლია, რომელსაც საქართველოში მხოლოდ 24 მეფუტკრე აწარმოებს და რომელიც მომხმარებელში დიდი მოწონებით სარგებლობს.

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის ცნობით, საქართველოში ოცდაოთხივე მეფუტკრეს ბიოსერტიფიკატი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანა შეუძლიათ.

146220590-322535232522988-3671227581963783033-n-1612534033.jpg

24-დან ერთ-ერთი ასლან შაქარაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ჯარაში ბიო თაფლის წარმოების უპირატესობებზე საუბრობს.

,,ძალიან მოხარულები ვართ ამ ინფორმაციით. ჩვენ ვაწარმოებდით უნიკალური ტექნოლოგიით თაფლს, თუმცა არ გვქონდა ამის დამადასტურებელი საბუთი, ამ გადაწყვეტილებამ და სტატუსმა ეს შეცვალა. თავად ჯარაში თაფლის წარმოების მეთოდის უნიკალურობას განაპირობებს ის, რომ თაფლის ამოღება ხდება მხოლოდ წელიწადში ერთხელ და იქ ყველა ყვავილის ნექტარია გაერთიანებული. არ არსებობს ჯარას თაფლი, წაბლის, ცაცხვის და ა.შ.

ჩვენს თაფლს უკვე სამი წელია აქვს სერთიფიკატი, რითიც პროდუქციას ვყიდით ევროკავშირის ბაზარზე. ასევე შტატებში, იაპონიასა და სხვადასხვა ქვეყნებში. ის, ვინც ერთხელ სინჯავს ჩვენს პროდუქციას, ხდება მუდმივი მომხმარებელი. ასეა, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც“, - აცხადებს შარიქაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ბიო თაფლი დამზადდეს, სკაში არ უნდა იყოს გამოყენებული ჟანგვადი მასალა, აუცილებლად უნდა იყოს ბუნებრივი ფიჭა და არა პარაფინ ნარევი. როგორც ასლან შაქარაძე ამბობს, დღეს ქვეყანაში ბიო სანთლის წარმოების პრობლემაა, სწორედ ამიტომ იყენებენ ხელოვნურ ფიჭას სკებში.

„ფაქტობრივად, ბიო ცვილი არ არსებობს ბაზარზე, მაგრამ თუკი ჯარასა მეფუტკრეებისგან შეგროვდება ბუნებრივი ცვილი, დროთა განმავლობაში შევძლებთ ბიო ფიჭის დამზადებასაც. მაგრამ, საქმე იმაშია, ბიო ფიჭა რომ დაბეჭდო, საბეჭდიც უნდა აკმაყოფილებდეს ბიო მოთხოვნებს“, -განაცხადა მეფუტკრემ.

რაც შეეხება ფასს. ჯარას თაფლის ღირებულება მეტია ჩვეულებრივ თაფლზე. ამას შარიქაძე ჯარას ნაკლებ პროდუქტიულობით ხსნის.

,,რა თქმა უნდა, ჩვენი თაფლი უფრო ძვირია, ვიდრე სხვა ნებისმიერი, რადგან თუ ჩვეულებრივ მეფუტკრე, იღებს 2-3-ჯერ თაფლს სკიდან, ჯარადან მხოლოდ ერთხელ ხდება ამოღება და გაცილებით ნაკლებია პროდუქტიულობა ამ ფაქტორის გამო. დღეს, საბაზრო ფასი ქვეყნის შიგნით დაახლოებით კილოგრამზე 25 ლარია. ფასი ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა.

სამწუხაროდ, პანდემიის გამო შემცირდა მოთხოვნაც და რეალიზაციის არეალიც, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ვინც იცნობს ამ თაფლს, აუცილებლად ხდება მუდმივი მომხმარებელი“, - განუცხადა მეფუტკრემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ინფორმაციისთვის, ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა – სპეციალურად დამუშავებული ხის მორი, რომელშიც ფუტკარი თაფლს აწარმოებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, შესაბამისი ბრძანება 2021 წლის 26 იანვარს გამოსცა.

თამარ მუკბანიანი