,,ათობით წელი დასჭირდება ჩვენს ბიზნესს, რომ 2019 წლის ნიშნულს დავუბრუნდეთ“- ავტო-იმპორტიორთა ასოციაცია

,,ვითხოვთ მინიმალურ შეღავათებს იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი ოჯახები და ბიუჯეტში შევიტანოთ ფული“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ლაშა დარბაისელი, ამბობს, რომ ძალიან ბევრმა კომპანიამ ოპერირება შეაჩერა. მისი თქმით, არის რეგულაციები, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს.

,,კოვიდ19-მა საავტომობილო ბიზნესზე უდიდესი, ნეგატიური გავლენა მოახდინა. მკვეთრად არის შემცირებული იმპორტირებულ ავტომობილებზე მოთხოვნა, რის პარალელურადაც, ძალიან ბევრი ავტოიმპორტიორი კომპანია აჩერებს ოპერირებას. რეალურად, ბაზარი დღეს დაკეტილი და კლიენტისთვის ხელმიუწვდომელია. ამას ყველაზე უკეთ ოფიციალური სტატისტიკა ასახავს. შემცირება გვაქვს ყველა მიმართულებით.

6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სახელმწიფომ გაგვიკეთა შეღავათი იმ კუთხით, რომ გაგვიხსნა საზღვარი და დაგვრთო ნება, რომ კლიენტები საზღვრიდან შემოგვეყვანა, მაგრამ მთავარი ბაზრის გახსნა იყო. როცა ეკონომიკის სამინისტროსთან მიდიოდა მოლაპარაკებები, ჩვენ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაცია ვითხოვდით ბაზრობის გახსნას, ვამბობდით, რომ რუსთავის ავტობაზრობის სივრცე არის ღია და ვირუსის გავრცელების რისკი არ იყო, თუმცა არ გაგვხსნეს. ყველაფრის შედეგად, ათობით წელი დასჭირდება ჩვენს ბიზნესს, რომ 2019 წლის ნიშნულს დავუბრუნდეთ. არ ვგულისხმობ მხოლოდ ავტომობილების იმპორტს, საუბარია ასევე ავტონაწილების (ე.წ. დაშლილების) ბიზნესზე, ასევე სახელოსნოებზე, ათი ათასობით ოჯახზე.

ამასობაში, დიდმა კომპანიებმა, რომელსაც პანდემიამდე ჰქონდათ ონლაინ პლატფორმები, ძალიან დიდი მოგება ნახეს. ეს ზრდა წმინდად იყო ჩვენი, მცირე და საშუალო კომპანიების ხარჯზე, იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ აღარ გვაქვს რეალიზაცია და ჩვენი კლიენტურაც აითვისეს“, - აცხადებს დარბაისელი.

მისივე თქმით, მყისიერი დახმარების გარეშე, ეს ბიზნესი მოკვდება და რომელიმე მეზობელი ქვეყანა აითვისებს ამ ნიშას.

„ეკონომიკის სამინისტროს და პარლამენტს უკვე მეორედ მივმართეთ წერილით, პირველზე პასუხი ლაშა ხუციშვილისგან მივიღეთ, რომ ჩვენ საქართველოს ავტოიმპორტიორებს უნდა გაგვეთვალა კორონასგან გამოწვეული ეკონომიკური რისკები. არადა, დიდი ქვეყნების ეკონომიკებმა და მსოფლიოში ყველაზე დიდმა კომპანიებმა ვერ შეძლეს ამ რისკების გადაზღვევა. ახლა, ვითხოვთ 1 000 ლარიანი ჯარიმების განულებას, პირველი მაისი შედეგ შემოყვანილი ავტომობილებისთვისაც განბაჟების ვადამ გადაიწიოს 2021 წლის ბოლომდე. ჩვენ ვიყავით ძალიან დიდი კონტრიბუტორი ბიუჯეტში და თუ ხელისუფლება არ დაგვიდგა გვერდით, ეს ბიზნესი მოკვდება და რომელიმე მეზობელი ქვეყანა აითვისებს ამ ნიშას, რომლის ბრუნვაც ასეულობით მილიონი დოლარია. ჩვენ ვავსებდით სახელმწიფო ხაზინას. წლების განმავლობაში ჩვენ არ გვითხოვია შეღავათები, ახლა ვითხოვთ მინიმალურ შეღავათებს იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი ოჯახები და ბიუჯეტში შევიტანოთ ფული“, - განაცხადა დარბაისელმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა საავტომობილო ბიზნესი. შემცირდა როგორც შიდა რეალიზაცია, ასევე რეექსპორტიც. უფრო კონკრეტულად, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ბაზარმა 2020 წელს 404,1 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი 44.8%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ რეექსპორტიდან შემოსავალი 732,8 მლნ დოლარი იყო.

თამარ მუკბანიანი