პაკეტი პოზიტიურია, მაგრამ ის ვერ იქნება იმ ზიანის კომპენსაცია, რაც 1-წლიანი დახურვის შედეგად მოგვადგა - კერძო ბაღების ასოციაცია

,,ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება იმ ზიანის კომპენსაცია, რაც ჩვენს სექტორს 1-წლიანი დახურვის შედეგად მიადგა“ - ასე ეხმაურება საგანმანათლებლო (კერძო საბავშვო-ბაღების) ასოციაცია “ნათის” აღმასრულებელი დირექტორი კერძო საბავშვო ბაღების დახმარების პაკეტს.

გიგი სისვაძე ამბობს, რომ პაკეტი უდავოდ პოზიტიურია, თუმცა დარჩა რამდენიმე საკითხი, რაშიც სექტორი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვდა და პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

,,პაკეტი, უდავოდ პოზიტიურად აისახება ჩვენს სექტორზე, მაგრამ ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება იმ ზიანის კომპენსაცია, რაც ჩვენს სექტორს 1-წლიანი დახურვის შედეგად მიადგა. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებაში ეს პაკეტი დაგვეხმარება. უმთავრესი, მაინც არის სესხის პროცენტის სუბსიდირება.

ჩვენ, გვქონდა კიდევ რამდენიმე საკითხი. ერთ-ერთი იყო გაპრობლემებული საიჯარო ხელშეკრულებების მოგვარებაში დახმარებას. თუ რეალურად უნდა ვინმეს ბაღების დახმარება, ჩვენთვის ახლა უმთავრესი პრობლემა სწორედ საიჯარო ხელშეკრულებებია ფართებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთხოვდით, რომ ჩართული ყოფილიყო ფართის მფლობელების თემაც, თუმცა ეს გათვალისწინებული არ იქნა. გაიზიარეს რამდენიმე კომპონენტი, მაგალითად ის, რომ როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების სესხი დასუბსიდირდეს. ეს უმნიშვნელოვანესია.

ჩვენი რამდენიმე ბაღის პრობლემა, რომლებსაც კერძო საკუთრებაში აქვთ შენობა, არის ქონების გადასახადი. არადა, 1 წელიწადია ამ შენობებით არ უსარგებლიათ, არა საკუთარი ნებით, არამედ ხელისუფლების დადგენილებით. აქ ჩვენ ვითხოვთ, შემოსავლების სამსახურისაგან, რომ გაანთავისუფლონ ეს ბაღები ქონების გადასახადისგან“-განუცხადა სისვაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ცნობისთვის, მთავრობა ბიზნეს-სექტორის მხარდაჭერის ახალ პაკეტს აცხადებს. რითიც მოხდება სესხის, სალიზინგო პროექტის და მიკრო სესხის თანადაფინანსება. თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიას, სპორტულ ობიექტებს და საბავშვო ბაღებს შეეხება.

თამარ მუკბანიანი