„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოგვიწევს დროებითი სამშენებლო ღობის განთავსება რუსთაველის ქუჩის მხარეს"

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის გამო, შოთა რუსთაველის ქუჩის მხარეს დროებითი სამშენებლო ღობე განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, ღობის განთავსება უზრუნველყოფს სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელებას.

“ჩვენ დავიწყეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია, ამ სამუშაოებს განვითარების ფონდი ახორციელებს.

სასახლე, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, რეაბილიტაციას საჭიროებდა. გარკვეული დრო, რამდენიმე წელი დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას.

იცით, რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. თითოეულ დეტალს, ორნამენტს და იმ ღირებულ ნაწილს, რომელიც ამ სასახლეს გააჩნია, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება.

ძალიან სენსიტიური სამუშაო იქნება ჩასატარებელი. დაახლოებით 34 მლნ ლარი დაიხარჯება და 2023 წელს უნდა დასრულდეს სრული რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება სარესტავრაციო სამუშაოები, როგორც ფასადზე, ასევე ინტერიერში, ასევე, ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები.

ამ პროექტის განხორციელების ფარგლებში, მოგვიწევს დროებითი სამშენებლო ღობის განთავსება რუსთაველის ქუჩის მხარეს. იცით, რომ რუსთაველის მხარეს 2 საფეხმავლო ბილიკია, ზედა ნაწილში განთავსდება ღობე, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყო დაცული უსაფრთხოების წესები. სამუშაოები დაწყებულია, ღობის განთავსება განპირობებულია იმისთვის, რომ ფასადზე უნდა დაიწყოს სამუშაოების განხორციელება უსაფრთხოების მიზნით“,-აცხადებს კალაძე.