ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის სასაზღვრო კედლის პროექტს დაფინანსებას უწყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა საგანგებო ეროვნული განკარგულება დონალდ ტრამპის სასაზღვრო კედლის დაფინანსების შესახებ.

BBC-ის ინფორმაციით, ბაიდენმა კონგრესში წერილი გააგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ განკარგულება "გაუმართლებელი" იყო. პრეზიდენტი ასევე წერს, რომ იგი შეეცდება გადახედოს ყველა რესურსს, რომელიც კედლის მშენებლობისთვის გამოყენებულია.

შეგახსენებთ, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება იყო, თუმცა პროექტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან, რომელსაც „დემოკრატები“ აკონტროლებენ, დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მშენებლობის დასაფინანსებლად ის საგანგებო უფლებამოსილებას გამოიყენებდა. ყოფილმა პრეზიდენტმა სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა 2019 წელს გამოაცხადა, რამაც მას კედლის მშენებლობისთვის სამხედრო სახსრების კონგრესის გვერდის ავლით გამოყენების საშუალება მისცა. ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში პროექტისთვის დაახლოებით 25 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა.