უკრაინა დსთ-ს კიდევ ერთ შეთანხმებას ტოვებს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება, დატოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) მორიგი შეთანხმება. ამჯერად საუბარია სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის შეთანხმებაზე საფოსტო და ელექტრონული კავშირების კუთხით.

ამის შესახებ უკრაინის მთავრობის 17 თებერვლის სხდომის დღის წესრიგშია ნათქვამი.

აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 1992 წლის 9 ოქტომბერს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, ხელმომწერები თანხმდებოდნენ კავშირგაბმულობისა და საფოსტო მომსახურების სფეროში თანამშრომლობაზე, ისე რომ მოახდენდნენ ერთმანეთის ქმედებების კოორდინირებას, კავშირების განვითარებასა და ჰარმონიზებას სამეცნიერო ტექნიკური კონფერენციების და სატარიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში. მათ შორის, კადრებისა და სასწავლო დაწესებულებების მომზადების, საერთაშორისო ორგანიზაციებში კავშირგაბმულობის სფეროში წევრი ქვეყნების საერთო ინტერესების დაცვის კუთხით.

უკრაინის ხელისუფლების განმარტებით, შეთანხმების ხელმოწერიდან მოყოლებული უკრაინისთვის ის არ იყო პრაქტიკაში რეალიზებული. ამასთან, მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ამ შეთანხმებიდან გასვლა საფრთხეს არ შეუქმნის უკრაინის მოქალქეების ინტერესებს.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლების 2020 წლის აგვისტოს გადაწყვეტილებით, უკრაინა აპირებს შვიდი საერთაშორისო ხელშეკრულების დენონსირებას, რომლებიც მიღწეულ იქნა დსთ-ს ფარგლებში 1993-2001 წლებში.

კოკა კვირკველია