თურქეთიდან ბანანის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი საქართველო ხდება  - რა მოცულობით და რომელი ქვეყნებიდან ვყიდულობთ პროდუქტს

თურქეთიდან ბანანის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი საქართველო ხდება. ამასთან, თურქული პროდუქტის მომხმარებელ ქვეყნებს შორისაა, სირია, საფრანგეთი და ჩრდილოეთ კვიპროსი.

როგორც East fruit-ი სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით წერს, თურქეთში ბანანის წარმოება 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 32,8% -ით გაიზარდა და 728,133 ტონა შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტს, შედარებისთვის, თუ 2016 წელს თურქეთმა 11 ტონა ბანანი გაიტანა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 22,4 ტონამდე გაიზარდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლისთვის, თურქეთი მთლიანად შეაჩერებს ბანანის იმპორტს და შიდა ბაზარს 100%-ით ადგილობრივი პროდუქტით უზრუნველყოფს. ამასთან, უცხოეთის ბაზრების ათვისებას უფრო აქტიურად გეგმავს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა მოცულობის და რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო ბანანს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველომ მსოფლიოს 11 ქვეყანაში 17,624 მლნ დოლარის ღირებულების ბანანი იყიდა. ხოლო, 2019 წელს - 21,365 მლნ დოლარის.

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება:

ეკვადორი - 15,966 მლნ აშშ დოლარი

თურქეთი - 1,438 მლნ აშშ დოლარი

აშშ - 148.21 მლნ აშშ დოლარი

სომხეთი - 36 100 აშშ დოლარი

კოსტა-რიკა - 25 430 აშშ დოლარი

ნიდერლანდი - 6 500 აშშ დოლარი

საბერძნეთი - 1 820 აშშ დოლარი

გერმანია - 400 აშშ დოლარი

პოლონეთი - 230 აშშ დოლარი

ნიგერია - 190 აშშ დოლარი

რუსეთი - 100 აშშ დოლარი

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარს, ერთ თვეში საქართველომ 1,423 მლნ აშშ დოლარის ბანანი შეიძინა, აქედან 1,329 აშშ დოლარის ეკვადორიდან, 93 410 აშშ დოლარის - თურქეთიდან, ხოლო, 550 აშშ დოლარის - ნიდერლანდიდან.

ნინი ქეთელაური