,,შეგვიძლია, ჩვენ გავხდეთ მიდიების და ხამანწკების მწარმოებელი ქვეყანა, უბრალოდ ამას განვითარება და მხარდაჭერა სჭირდება“ - Maricultura Georgia

შეგვიძლია, ჩვენ გავხდეთ მიდიების და ხამანწკების მწარმოებელი ქვეყანა, უბრალოდ, ამას განვითარება და მხარდაჭერა სჭირდება. ეს არის საქართველოს დიდი და აუთვისებელი პოტენციალი - ამის შესახებ კომპანია Maricultura Georgia-ს დამფუძნებელმა მამუკა მიქაშაძემ განუცხადა.

ხამანწყებისა და მიდიების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. Maricultura Georgia ჯერ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მუშაობს, თუმცა ახლო მომავალში პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

როგორც მამუკა მიქაშაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ამისთვის მათ გადაიარაღება და ახალი ტექნიკა, კერძოდ გემი ესაჭიროებათ. ამ მიზნით კი, გეგმავენ მიმართონ ,,აწარმოე საქართველოს“.

,,კომპანიამ ზღვის პროდუქტების მიმართულებით მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე მხოლოდ ქვეყნის შიგნით ხდებოდა რეალიზაცია. ახლა ვგეგმავთ, რომ გავიტანოთ ექსპორტზეც. ამისათვის გვჭირდება გარკვეული ტიპის მოდერნიზაციის ფერმა და სპეციალური ტექნიკის შემოყვანა გემის სახით. ამით, საშუალება გვექნება, რომ ხამანწკები და მიდიები გვქონდეს მთელი წლის განმავლობაში. ახლა, ამის საშუალება არ გვაქვს, რადგან ზღვაში მისი მოპოვების და სელექციისთვის სპეც-ტექნიკა გვესაჭიროება. ვგეგმავთ, რომ მივმართოთ „აწარმოე საქართველოს“, რომელმაც გამოსცა პროგრამა, სადაც მცურავ საშუალებებსაც აფინანსებს, რაც აქამდე არ ხდებოდა. 2021 წლიდან დაემატა ჩვენი სეგმენტიც და ამ ფარგლებში გვინდა გემის შემოყვანა, რომელიც დაიწყებს კულტივირებას და მოყვანას მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენი გათვლით 20-30 ტონა მიდია და 50 ტონამდე ხამანწკების მოყვანა გახდება შესაძლებელი. ამისათვის ჩვენ გარკვეული მანიპულაციები და გემი გვჭირდება“, - განაცხადა მამუკა მიქაშაძემ.

როგორც წესი, მიდიებს გაზრდისთვის 2 წელი სჭირდებათ, პირველ მოსავალი კი 2018-2019 წლის პერიოდში მიიღო.

„მივიღეთ, დაახლოებით 15 ტონა მიდია და რეალიზაცია გავუკეთეთ როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. ზღვის პროდუქტებით 5-ვარსკვლავიან სასტუმროებსაც ვამარაგებდით, როგორიცაა „პარაგრაფი“, „აჭარა გრუპის“ სასტუმროები და ა.შ. ასევე, სუპერმარკეტებშიც შევდივართ, მაგალითად ,,აგროჰაბში", ფიშ მარკეტში და ა.შ. ახლა კი, გაყინული სახით ჩვენი პროდუქცია მომხმარებელს შეუძლია ,,ევპოროდუქტის“ ქსელში შეიძინოს.

დიდი მოთხოვნის გამო, თბილისშიც გავაკეთეთ სპეციალური აუზები, სადაც ცოცხლად წლის განმავლობაში 15-20 ტონა მიდიების შენახვა შეგვიძლია. სხვა შემთხვევაში ისინი 1 კვირაში კვდებიან. 2019 წელს ჩვენ თბილისის ფილიალში გავაკეთეთ აუზები, სადაც ბიოლოგიური ფილტრებია, ულტრაიისფერი ანტიბაქტერიული დაფარვით აღჭურვილი რეჟიმები ფრანგ ტექნოლოგებთან ერთად შევიმუშავეთ და რეკორდიც მოვხსენით, ცოცხლად შევინახეთ 7 თვის განმავლობაში და ამრიგად, ჩვენი კომპანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის მქონეა დიდი პერსპექტივით“, - განაცხადა მიქაშაძემ.

მისივე თქმით, მოთხოვნა დიდია ქვეყნის გარეთ. მაგალითად, აზერბაიჯანს სურს, თვეში 20 ტონა ქართული მიდია იყიდოს, რისი დაკმაყოფილების საშუალებაც ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს.

მოთხოვნა დიდია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთიდან, მათ შორის მეზობელი აზერბაიჯანიდან, ჰონგ-კონგიდან, გერმანიიდან. ორ გამოფენაში მოვიღეთ მონაწილეობა და ძალიან დიდია დაინტერესება შავი ზღვის პროდუქიით. ამის მიზეზი სწორი და მისაღები მარილიანობის დონეა. მაგალითად, აზერბაიჯანიდან გვითხრეს, რომ თვეში 20 ტონა მიდიებს იყიდიან. ამის დაკმაყოფილების საშუალება ფიზიკურად არ გვაქვს.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვახერხებთ შევიძინოთ გემი, ერთის მხრივ ავითვისებთ შიდა ბაზარს და გავალთ ექსპორტზე, სადაც მოთხოვნა ნამდვილად დიდია. ხოლო, მეორეს მხრივ, ქართველი მეზღვაურებისათვის შეიქმნება სამუშაო ადგილები მათივე ქალაქში და ნაცვლად რამდენიმეთვიანი ზღვაში გასვლისა, საღამოს ოჯახებს დაუბრუნდებიან. ეს არის საქართველოს დიდი და აუთვისებელი პოტენციალი. ყველაფერი გვაქვს, შეგვიძლია, ჩვენ გავხდეთ მიდიების და ხამანწკების მწარმოებელი ქვეყანა. უბრალოდ, ამას განვითარება და მხარდაჭერა სჭირდება“-აცხადებს მამუკა მიქაშაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, აკვა ფერმის განვითარებისთვის კომპანიამ 1.5 მილიონი ლარი უკვე დახარჯა. პროდუქციის ფასები სეზონურობის მიხედვით ცვალებადია, საშუალოდ კი მიდიის ფასი 2-3 დოლარია, ხოლო ცალი ხამანწკის ფასი კი 4 დოლარი (კგ-ში 11-15 ცალია).

თამარ მუკბანიანი