ლევან სილაგავას თქმით, პურის ფასის შესანარჩუნებლად სუბსიდია შესაძლოა, გაგრძელდეს

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ პურის ფასის შესანარჩუნებლად სუბსიდია შესაძლოა, გაგრძელდეს.

მისი თქმით, განიხილება სხვადასხვა მიდგომა და ფქვილის მოქმედი სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ეს პროგრამა გაგრძელდეს ან უშუალოდ პურის ფასის სუბსიდირება მოხდეს.

„1-ელ აპრილს მთავრდება სუბსიდირების პროგრამა, შესაბამისად, დღესდღეობით მუშავდება გარკვეული სცენარები. სავარაუდოდ, იქნება ან სუბსიდირება ფქვილში, როგორც დღესაა, ასევე განიხილება სუბსიდირება პურზე, ან შეიძლება სოციალურად დაუცველი ფენისთვის გარკვეული თანხის გადახდა, რომ გაძვირების ეფექტი დაიფაროს. ეს ყველაფერი ბიზნესისთვის ნულოვანი ეფექტის მქონეა და მიმართულია მომხმარებლებზე, რომ პური არ გაუძვირდეს. დღეს რომ სუბსიდირება არ იყოს ფქვილზე, ყოველდღიური მოხმარების პურის ფასი 20 თეთრით მეტი იქნებოდა. სახელმწიფო ასუბსიდირებს, რომ ყოველდღიური მოხმარების პური არ გაძვირდეს. შესაბამისად, თუ არ დასუბსიდირდა გარკვეული რაოდენობა ისევ, ფასი, რა თქმა უნდა, გაიზრდება“,- აღნიშნა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.