რატომ გახდა საქართველო რუსული ხორბლის უმსხვილესი შემსყიდველი - მეხორბლეთა ასოციაცია შესაძლო მიზეზებს ასახელებს

,,წინასწარი დეკლარაციის ფორმით კომპანიებმა გააკეთეს განაცხადი ხორბლის რუსეთიდან გატანაზე, თუმცა ფიზიკურად მისი იმპორტი ჯერ არ მომხდარა“ - ასე ეხმაურება მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ გახდა საქართველო რუსული მარცვლეულის მე-4 უმსხვილესი შემსყიდველი.

ცნობისათვის, რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველო გახდა რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტიორი მეოთხე ქვეყანა მოცულობის მიხედვით. მათი ცნობით, საქართველოში რუსეთიდან გასულია რეკორდულად დიდი ოდენობის 215 ათასი ტონა ხორბალი, რაც მეოთხე უმსხვილესი შესყიდვაა თურქეთის (636,1 ათასი ტონა), ეგვიპტისა (471,3 ათასი ტონა) და პაკისტანის შემდეგ (225,6 ათასი ტონა).

ლევან სილაგავა განმარტავს, თუ რა მექანიზმით შეიძლება უკვე იმპორტირებულად ითვლებოდეს ხორბალი, რომელიც ჯერ საქართველოში არ შემოსულა.

,,არსებობს ასეთი მექანიზმი, შეიძლება წინასწარი დეკლარაცია გააკეთო. შესაბამისად, შეიძლება, რომ წინასწარი დეკლარაციის ფორმით კომპანიებმა გააკეთეს განაცხადი ხორბლის რუსეთიდან გატანაზე. ეს ნიშნავს, რომ ხორბალი რუსეთიდან შეიძლება რომ გამოვიდეს მოგვიანებითაც, თუმცა კვოტირებაში და ნულოვან მექანიზმში ჩათვლილია ექსპორტად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის გატანილი ქვეყნიდან ფიზიკურად და არის მხოლოდ წინასწარი დეკლარაციით.

თავიდან, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განსაზღვრა 324 კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელსაც მიეცათ უფლება კვოტირების მექანიზმით გაეტანათ ხორბალი. შემდეგ, ამ 324 კომპანიას უნდა გაეკეთებინა წინასწარი დეკლარირება. სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე საქართველოს შემთხვევაშიც. დანამდვილებით ვერ გეტყვით, რადგან ეს სხვადასხვა კერძო კომპანიებს ეხება. უბრალოდ, ერთადერთი გონივრული ვარაუდი ეს არის.

რაც შეეხება რეექსპორტს თურქეთის მიმართულებით, სავარაუდოდ, ეს პროგნოზი არასწორია, რადგან ამ გზით ტრანსპორტირების ორმაგი ხარჯი გამოდის“-ამბობს სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში ნამდვილად არის საქართველოში ხორბლის იმპორტი გაზრდილი, თუმცა რუსეთიდან - არა. კერძოდ, 2020 წლის იანვარში საქართველომ 27 731 ტონა ხორბალი იყიდა და ისიც მხოლოდ რუსეთში. 2021 წლის იანვარში კი 29 397 ტონა შეიძინა, მაგრამ რუსეთიდან მხოლოდ 18 349 ტონა, დანარჩენი 11 048 ტონა ამერიკიდან შემოვიდა.

რა მოცულობის პროდუქციის შესყიდვა განახორციელა ქვეყანამ თებერვალში, ეს მონაცემები მოგვიანებით გამოქვეყნდება, შესაბამისად, სწორედ მაშინ გამოჩნდება, გაზარდა თუ არა საქართველომ ჩრდილოეთიდან ხორბლის იმპორტი.

თამარ მუკბანიანი