,,სულ მალე არაერთი რესტორნის ადგილას, სუპერმარკეტები დაგხვდებათ“ - გასტრონომიის ასოციაცია

ნაწილობრივი გახსნის შემდეგ, რესტორნების ნაწილი ბაზარს ტოვებს. გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პროცესი შეუქცევადია და ბევრი ბიზნესი უბრალოდ, არ აღიარებს გაკოტრებას და ბაზრის დატოვებას აჭიანურებს.

,,რეგულაციების გამო, რომლებიც გვქონდა და გვაქვს, ლიკვიდაციის და გაკოტრების რეჟიმში გადავიდა კვების სექტორის 39%. ეს არის გასტრონიმიის ასოციაციის კვლევის საფუძველზე დაყრდნობით. რესტორნები, რომლებმაც ფუნქციონირება მოახერხეს, არიან 100 კვადრატულზე მეტი. უკეთ რომ განვმარტოთ, ახალი რეგულაციებით 4 კვადრატულზე უნდა იყოს 1 ადამიანი, პირობითად თუ ფართი 40 კვადრატია, გამოდის რომ ერთდროულად ვერ უმასპინძლებს 10 ადამიანზე მეტს. ამიტომაც ქსელებს, რომლებსაც ჰქონდათ პატარა კვების ობიექტები, სადაც ადამიანები ძირითადად საუზმობდნენ ან ლანჩისთვის მიდიოდნენ, უბრალოდ არ უღირთ, რომ გახსნან. გადაანგარიშებას ბოლომდე რომ მივყვეთ, გამოვა, რომ თვის ბოლოს შეიძლება მაქსიმუმ იჯარის თანხა იყოს გამომუშავებული და მეტი არაფერი. ისიც, საუკეთესო შემთხვევაში.

ამ ყველაფრის გამო კვების დაწესებულებების ლიკვიდაცია ახლა დაიწყო და გაგრძელდება. ქართველი ადამიანის ბუნებაა, რომ უჭირს აღიაროს გაკოტრება. არ ვიცი, მე პირადად, ძალიან ცოტა პრეცენდენტი მახსენდება ასეთი ქართულ ბაზარზე.

ეს რაც მცირე და საშუალო რესტორნებს შეეხებათ, დიდი რესტორნები კი უბრალოდ არ იხსნებიან, მაგალითად ,,ეთნოგრაფი“, ,,ქართული სახლი“ და ა.შ. არადა, მათ არ აქვთ მთავარი - იჯარის პრობლემა, მაგრამ გახსნა მაინც არ უღირთ. არავინ იფიქროს, რომ ჩვენ რეგულაციების წინააღმდეგი ვართ და ასე, უბრალოდ გახსნას ვითხოვთ და ივენთების მოწყობას. არა, აქ საუბარია შაბათ-კვირის მუშაობაზე და კომენდანტის 2 საათით გადაწევაზე. ეს მოაგვარებდა ძალიან ბევრ პრობლემას.

თვის ბოლოს, ყველა გაანგარიშებით, შემოსავლის 48% უქმეებზე მოდის და ეს დრო მოგვაჭრეს. 208 საათი გვაკლდება მუშაობის ყველაზე აქტიური დრო - ვახშამი და შაბათ-კვირა. რაც ნიშნავს, რომ შემოსავლის 48% უბრალოდ მოგვაჭრეს. ყველა შეხვედრაზე ვაყენებთ კომენდანტის მოხსნის ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში გადაწევის საკითხს. პრობლემა არის ის, რომ საფეხურებადაც არ ვიცით, რა შემთხვევაში, ეკონომიკის გახსნის რა ეტაპზე მოხდება ეს. ახლა, რომ გავხსნათ რესტორნები, როდის დაგვეწევა ეს შემსუბუქებული რეგულაცია? ელემენტარულად მეიჯარეს რომ ვუთხრა, 1 თვე დაგვიკლოს და მერე ავმუშავდებით, ამასაც არ გვეუბნებიან. ამიტომ მეიჯარეებს ვერაფერს ვეუბნებით. 1 წელია ამ რეჟიმში ვართ და ისინი გვეუბნებიან, რომ მათთან სუპერმარკეტების ქსელს სურს შემოსვლა და გვემშვიდობებიან. სულ მალე, პატარა კაფეების ადგილას მაღაზიათა ქსელები დაგხვდებათ. შეუქცევადი პროცესი უკვე დაწყებულია“, - აცხადებს ქოქიაშვილი.

მისი თქმით, არ არის პრეცენდენტი, როცა ეპიდგავრცელება რესტორნიდან დაიწყო.

,,მაინტერესებს და ყველას ვეკითხები, ვერავინ ვერასოდეს პასუხი ვერ გამცა, ვერც ყოფილმა პრემიერმა, ვერც ყოფილმა ვიცე პრემიერმა და ვერც ეპიდემიოლოგებმა. რა კონკრეტული საფრთხე იყო და როცა გახსნილები ვიყავით, სად, რომელი რესტორნიდან მოხდა ეპიდემიის გავრცელება? მე გეტყვით, -არცერთი. ბოლოს, ბატონმა ამირანმა მითხრა, რომ ,,დონაა“ ასეთი კლასტერის სათავე, რომელიც საერთოდ არ არის რესტორანი, ის საკონდიტროა და თურმე, გურიაში 700 -კაციანი ქორწილიც ყოფილა ზაფხულში ეპიდაფეთქების წყარო. ამიტომ, ჩვენ ყველამ კოლექტიური პასუხისმგებლობა უნდა გადავინაწილოთ. ამ წმინდად კომუნისტურ მიდგომას, რეალურად ეწირება ბიზნესის და დასაქმებულების ინტერესები“, - განაცხადა ქოქიაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი