ფრანგი მილიარდერი და პოლიტიკოსი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ფრანგი პოლიტიკოსი და მილიარდერი ოლივიე დასო ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში, ქალაქ დოვილთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. „ფიგაროს“ ინფორმაციით, უბედური შემთხვევა კვირას საღამოს მოხდა, როცა მილიარდერი ნორმანდიაში, დასასვენებელ სახლში მიემგზავრებოდა. ავიაკატასტროფისას დაიღუპა პილოტიც. გამოცემის ინფორმაციით, ვერტმფრენში სხვა პირი არ ყოფილა.

ოლივიე დასო 69 წლის იყო. ის იყო ფრანგი ავიაინჟინერის და საოჯახო კორპორაციის Dassault Aviation-ის დამფუძნებლის მარსელ დასოს შვილიშვილი. კორპორაცია აწარმოებს საომარ თვითმფრინავებს, ბიზნეს-ჯეტებს, ასევე კოსმოსური თანამგზავრების ნაწილებს. დასოს ოჯახი ასევე გაზეთ Le Figaro-ს ფლობს.

მილიარდერი 2002 წელს აირჩიეს ეროვნულ ასამბლეაში, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში.

Forbes-ის თანახმად, ოლივიე დასო მსოფლიოში 361-ე უმდიდრეს მამაკაცად ითვლება და 2020 წელს მისი ქონება 4,7 მლრდ დოლარად არის შეფასებული.